თუ ასე მივყევით, ჩვენ დავრჩებით სახალხო დამცველის გარეშე, რადგან კონსენსუსი ვერ მოხდება, დავრჩებით ცესკოს თავმჯდომარის გარეშე, რადგან კონსენსუსი ვერ მოხდება, დავრჩებით გენერალური პროკურორის გარეშე, რადგან კონსენსუსი ვერ მოხდება და საბოლოოდ, მე-13 რეკომენდაცია რომ იყოს იმის შესახებ, რომ პარლამენტი მთავრობას 90 ხმით ამტკიცებს, ამასაც ვასრულებთ, რომ აღარ გვყავდეს მთავრობა?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გააკეთა.
როგორც კახიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროკავშირის თითოეული რეკომენდაცია უნდა იყოს დასაბუთებული და საუკეთესო მაგალითებს ეყრდნობოდეს.
“რეალობა არის ისეთი, რომ პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორი 90 ხმით ვერ დაინიშნება. შედეგად, ქვეყანას ეყოლება გენერალური პროკურორი, რომელსაც პარლამენტი თითო-თითო წლით აირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ გენერალური პროკურორი თითოეულ დეპუტატს უნდა ეკეკლუცოს და პარლამენტის წევრების თხოვნები შეასრულოს.
ვინ არის ამ კონკრეტული რეკომენდაციის ავტორი, ახსნას რა არის აღნიშნული რეკომენდაციის სულისკვეთება.
მაქვს შიში იმისა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე შეთანხება ვერ მოხდება და ამით სამართალდამცავი სისტემა ჩამოიშლება - ჩვენ იმ უწყებას ვეხებით, რომელიც არის მაკოორდინირებელი უწყება კრიმინალთან ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
პარლამენტში, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ადგენს.