გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას წლის ბოლომდე სამხედრო დახმარების “უზარმაზარ პაკეტს”გადასცემს

წლის ბოლომდე გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების “უზარმაზარ პაკეტს” გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.
“ჯერ კიდევ ამ წელს გადაცემულ იქნება დაჯავშნილი საევაკუაციო მანქანები, ბრონირებული მანქანები Dingo, ხიდების დასაგები ტანკები, დამატებითი ჰაუბიცები Panzerhaubitze 2000, დამატებითი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, დრონის საწინააღმდეგო სისტემები. ჩვენ [უკრაინას] მხარს დავუჭერთ განაღმვის საკითხში. ერთი სიტყვით - უზარმაზარი პაკეტი, რომელიც გზაშია”, - განაცხადა ლამბრეხტმა.
მან აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის საშუალებები და არტილერია სჭირდება. ამავდროულად, გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბერლინს უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების საკითხში “წითელი ხაზები” არ გააჩნია, თუმცა მხოლოდ ისეთ იარაღს მიაწვდის კიევს, რომელიც მოკავშირეთა წრეში არის შეთანხმებული.
“მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის პარტნიორებთან ერთად, ყოველთვის მოკავშირეებთან ერთად [ვიმოქმედოთ]. გერმანია მარტო არ უნდა მოქმედებდეს. ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი”, - თქმა ლამბრეხტმა.

























