დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ,  კახა კალაძე ძალიან წუხს, ჯერი მასზეა - თუ შენი სამსახურის უფროსის მოადგილე  ბრალდებულია 13 წლის ბავშვის გარდაცვალებაში, მაშინ მისმა უშუალო უფროსმა არ უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა?

კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ კახა კალაძემ არ აიღოს მორალური პასუხისმგებლობა, ეს ვიხილეთ, ახლა ჯერი კახა კალაძეზეა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

დავით კირკიტაძის თქმით, თუ კალაძე „ქართული ოცნების“ ზეწოლას დაექვემდებარება და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს, თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე ძალიან წუხს, ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ, ახლა არის მომენტი, კრიტიკული ვითარება, როცა მან უნდა გამოაჩინოს, დაჰყვება ის „ქართული ოცნების“ ამ მავნე ზეწოლას და ჩაიგდებს თავის თავს ცუდ მდგომარეობაში თუ მას ეყოფა გამბედაობა. ჩვენ რაც ვიხილეთ პარლამენტიდან იყო ის, რომ კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ კახა კალაძემ არ აიღოს მორალური პასუხისმგებლობა, ეს ვიხილეთ, ახლა ჯერი კახა კალაძეზეა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძის შეფასებით, თუკი შენი ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 13 წლის ბავშვის გარდაცვალებაშია ბრალდებული, მაშინ არ გაქვს უფლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღო.

„თუ შენი სამსახურის უფროსის მოადგილე პირდაპირ ბრალდებულია 13 წლის ბავშვის გარდაცვალებაში და ამას ამბობ, აკავებ, მაშინ შენ, მისმა უშუალო უფროსმა არ უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გეკისრება შენ, როცა შენ მიერვე დანიშნული ადამიანი ბრალდებულია შენივე საგამოძიებო სტრუქტურების მიერ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში? უბრალო თემა ხომ არ არის, 13 წლის ანგელოზივით ბავშვი შეიწირა თურმე ვიღაც შენ მიერ დანიშნული ადამიანის ან დაუდევრობამ, ან უმოქმედობამ, ან კორუფციულმა გარიგებამ. ამას ამბობ აღიარებ და რა მორალური უფლება გაქვს რომ არ აიღო ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა? არ ვიცი, რა სტანდარტებით, რით ხელმძღვანელობენ ვერ გეტყვით“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო