კახა კახიშვილი გენპროკურორის არჩევის წესზე - ნამდვილად არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც კრიმინალური ბატონობა იქმნება იმიტომ, რომ შესუსტებული იქნება სამართალდამცავი სისტემა

ნამდვილად არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც კრიმინალური ბატონობა იქმნება იმიტომ, რომ შესუსტებული იქნება სამართალდამცავი სისტემა. ასე თუ მივყვებით, ფაქტობრივად გამოდის რა, რომ დავრჩებით სახალხო დამცველის გარეშე, იმიტომ რომ კონსენსუსი ვერ მოხდება, დავრჩებით ცესკოს თავმჯდომარის გარეშე იმიტომ, რომ კონსენსუსი ვერ მოხდება, დავრჩებით გენერალური პროკურორის გარეშე იმიტომ, რომ კონსენსუსი ვერ მოხდება. და საბოლოოდ მე-13 რეკომენდაცია რომ იყოს, რომ აღმასრულებელ მთავრობას პარლამენტი ამტკიცებს 90 ხმით, ამასაც შევასრულებთ და აღარ გვყავდეს მთავრობაც და მოვალეობის შემსრულებლები გვყავდეს? თითო რეკომენდაცია უნდა იყოს დასაბუთებული. უნდა ეყრდნობოდეს საუკეთესო მაგალითებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

კახიშვილის თქმით, ის სრულად უჭერს მხარს ყველა იმ პირობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიზაციასა და სტაბილურობას, თუმცა, მისივე თქმით, მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიაში პროკურორის არჩევის საუკეთესო მაგალითი ვერ გამოიძია.

დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, იქნებ აღნიშნული რეკომენდაციის ავტორმა ახსნას, თუ რა არის ამ რეკომენდაციის სულისკვეთება:

„სამწუხაროდ, მე ასეთი მაგალითი, საუკეთესო, რომელიც წარმოდგენილია, ვერ გამოვიძიე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიაში და არჩევის წესებში. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ, რომ ის ადამიანი, ვინც იყო კონკრეტულად ამ რეკომენდაციის ავტორი, აგვიხსნას ,უბრალოდ რა იყო სულისკვეთება ამ რეკომენდაციის.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მხარს ვუჭერ ყველანაირად იმას, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციას, სტაბილურობას, მაგრამ უბრალოდ აქ მაქვს შიში, რომ ვინაიდან, დარწმუნებული ვარ შეთანხმება ვერ მოხდება, უბრალოდ ჩამოიშლება ნელ-ნელა სამართალდამცავი სტრუქტურები იმიტომ, რომ ვეხებით იმ უწყებას, რომელიც არის მაკოორდინირებელი უწყება კრიმინალთან ბრძოლაში. ანუ გამოდის, რომ რეკომენდაცია ჰგავს დაახლოებით იმას, რომ წადი იქ, არ ვიცი სად, მოიტანე ის - არ ვიცი რა. ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს ახსნა. რეკომენდაცია რეკომენდაციაა, გასაგებია, პატივისცემაც გასაგებია, დასაფასებელიცაა, მზაობაც ადგილზეა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება ჩვენ ვერ ვწვდებით იმ სულისკვეთებას და იქნებ ავტორი გამოცხადდეს, რადგან ეხება ამ მნიშვნელოვან საკითხს და აგვიხსნას.

იყო ამის პრეცედენტებიც თავის დროზე, როდესაც გახლდით მინისტრი და როდესაც იქმნებოდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, ამის ავტორი მოვიდა და ყველა უწყებასთან ჰქონდა პრეზენტაცია. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რას ვიღებთ. ვიღებთ იმას, რომ 2 თვის წინ დავამტკიცეთ ახალი ხელმძღვანელი საგამოძიებო სტრუქტურის იმ მოტივით, რომ თავის დროზე რეკომენდატორებმა მიიჩნიეს, რომ გენერალური პროკურორის მიმართ ვინაიდან არ არის საბოლოოდ რწმენა, ამიტომ უნდა იყოს ცალკე სტრუქტურა საგამოძიებო უწყების სახით. კი ბატონო, შევქმენით ეს საგამოძიებო უწყება, ავირჩიეთ ხელმძღვანელი, ახლა მეორე რეკომენდაციაა, რომ ვინაიდან არ ვენდობით ბოლომდე გენერალურ პროკურატურას, აბა, შექმენით კიდევ ანტიკორუფციული ბიუროო. კი ბატონო, ამასაც ვქმნით. და თუ გენერალური პროკურორი არჩევის ცენზი უფრო მაღლა აიწევს და 90 ხმით ინიშნება, ხომ ნდობაც უფრო მეტია, მაშინ რა საჭირო იყო ის უწყებები, რომელიც შევქმენით ან ახლა ვქმნით“, - აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის თითოეული რეკომენდაცია უნდა იყოს დასაბუთებული და საუკეთესო მაგალითებს ეყრდნობოდეს:

„უბრალოდ ამ ყველაფერზე იქნება დავფიქრდეთ, კარგად გავიაზროთ. ნამდვილად არ ვარ იმისკენ მიდრეკილი, რომ რამენაირად გავაფუჭო ეს პროცესი და კიდევ ერთხელ მივცეთ საფუძველი სალაპარაკოდ, რომ არ შეასრულეთ 12 პუნქტი, მაგრამ მე-13 პუნქტიც არ დაემატოს ამას, მე-14 , მე-15, რომ საბოლოოდ, იცით რაა, უმრავლესობა არაფერს არ ნიშნავს და უმრავლესობის უმრავლესობა უნდა იყოს და ასე მთავრობაც არ გვეყოლება და ქვეყანაც დაინგრევა ნელ-ნელა. ამას არ ვიძახი, იმიტომ რომ რაღაცას ვაკნინებ. არა. უბრალოდ ეს არის საფუძვლიანი კითხვები, რომლებზეც მინდა გავიგო პასუხები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო