კახა კახიშვილი  - გენერალური პროკურორის შესუსტებით მთლიანად შესუსტდება იმ სტრუქტურების ვერტიკალი, რომლებიც სამართალდამცავ სტრუქტურებს წარმოადგენენ

საიდან წამოვიდა ამ კანონპროექტის განხილვის საფუძველი. კერძოდ, მოხდა ისე, რომ ევროკავშირის სტატუსი არ მოგვანიჭეს. განაცხადეს, რომ კი ბატონო, უფრო მეტი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და უფრო მაგრად დგახართ, მაგრამ ვინაიდან, იქ არის ომი, იმათ ვანიჭებ და თქვენ არ განიჭებთ. შესაბამისად, გამოგვიგზავნეს 12 პუნქტი. ბუნებრივია, ეს პუნქტები არის შესასრულებელი იმიტომ, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროპულ ოჯახშია. მაგრამ ჩნდება კითხვა და ჩვენ როგორც სუვერენული ქვეყნის პარლამენტარები და პარლამენტის წევრები, გვაქვს უფლება ვიკითხოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს კონკრეტული ცვლილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გენერალური პროკურორის არჩევის წესებზე ისაუბრა და პარლამენტარებს მიმართა, ერთად განეხილათ, საიდან წამოვიდა კონკრეტულად ის წინადადება, რომ საქართველოში პროკურორი 90 ხმით უნდა იყოს არჩეული.

კახა კახიშვილმა მაგალითისთვის ევროპის რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა და დეტალურად ისაუბრა, თუ სად როგორ ხდება გენერალური პროკურორის დანიშვნა.

„იტალია - იუსტიციის მინისტრის თანხმობით ნიშნავს სასამართლოს უმაღლესი საბჭო.

ნიდერლანდები - მონარქი უვადოდ ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან.

საფრანგეთი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი.

დანია - იუსტიციის მინისტრის წარდგინებით გენერალურ პროკურორს ნიშნავს მონარქი, ექვემდებარება იუსტიციის მინისტრს.

ირლანდია - დამოუკიდებელი უწყებაა და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი ხელისუფლება.

პორტუგალია - დამოუკიდებელი ორგანოა და აღმასრულებელი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი 6 წლის ვადით.

ესპანეთი - აღმასრულებელი მთავრობის წარდგინებით 4 წლის ვადით ნიშნავს მონარქი.

ფინეთი - აღმასრულებელი ხელისუფლების წარდგინებით ნიშნავს პრეზიდენტი. ავსტრია - პრეზიდენტის სახელით ნიშნავს იუსტიციის მინისტრი, ასევე, ექვემდებარება იუსტიციის მინისტრს.

შვედეთი - იუსტიციის სამინისტროს ნაწილია, თანამდებობაზე ნიშნავს აღმასრულებელი მთავრობა.

კვიპროსი - პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ნიშნავენ გენერალურ პროკურორს, რომელიც ასევე ექვემდებარება ქვეყნის იურიდიულ სამსახურს.

ესტონეთი - 5 წლის ვადით იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს აღმასრულებელი მთავრობა.

მალტა - თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

პოლონეთი - შედის აუდიტის სამინისტროს სტრუქტურაში, თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი 6 წლის ვადით.

სლოვაკეთი - 7 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი პარლამენტის წარდგინებით.

სლოვენია - ასამბლეის მთავრობა რეკომენდაციით 6 წლის ვადით ნიშნავს გენერალურ პროკურორს.

ჩეხეთი - მინისტრის წარდგინებით ნიშნავს აღმასრულებელი მთავრობა. ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს.

ბულგარეთი - 7 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

რუმინეთი - თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი.

ბელგია - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

საბერძნეთი - ინიშნება უვადოდ პრეზიდენტის მიერ.

ლუქსემბურგი - იუსტიციის სამინისტროს ნაწილია.

გასაგებია, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ. გასაგებია, რომ შემოთავაზებულია, უბრალოდ კითხვა ისმის, თუ ასეთი კარგია, ჩვენგან რატომ იწყებენ, რატომ არ არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ასეთი პრაქტიკა გენერალური პროკურორის დანიშვნის“, - განაცხადა კახიშვილმა.

დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაასაბუთა, თუ რატომ არ სურს გენერალური პროკურორი იმ მოდელით იყოს არჩეული, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის მიხედვით უნდა შესრულდეს.

კახიშვილის თქმით, გენერალური პროკურორი უნდა იყოს ცალკე უწყება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროკურორი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან დაშორებული უნდა იყოს:

„თუ გადავხედავთ პრაქტიკას, შევხედავთ, რომ უმეტეს ქვეყნებში აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია პროკურატურა. აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალურ პროკურორს. ესე იგი გამოდის, რომ შედარებით ამ ქვეყნებთან ჩვენ უფრო წინ ვდგავართ და ჩვენთან გენერალურ პროკურორს ნიშნავს პარლამენტი. ეს ხომ უფრო უკეთესია ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. მე უბრალოდ რატომ ვწუხვარ და რატომ არ მინდა რომ მოხდეს ასეთი წესით არჩევა. საუკეთესო ვარიანტი და მოდელი იქნება 90 ადამიანის შეთანხმებით დაინიშნოს გენერალური პროკურორი. უკეთესზე უკეთესი იქნება 150-მა კაცმა რომ შეარჩიოს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვერ შევარჩევთ გენერალურ პროკურორს და ვერ დავნიშნავთ. რა გამოდის? გამოდის ის, რომ მივიღებთ გენერალურ პროკურორს, რომელსაც მოუწევს ასარჩევად მოსვლა ერთ საპარლამენტო დავაში ოთხჯერ. ოთხჯერ პარლამენტის ვადის პირობებში მოუწევს ასარჩევად მოსვლა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ გენერალური პროკურორი აქ რომ მოვა, უნდა ეკეკლუცოს თითოეულ დეპუტატს და მისი თხოვნები შეასრულოს და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომ იქნეს არჩეული. ნამდვილად არ მინდა ეს.

რატომ მოხდა თავის დროზე, რომ გენერალური პროკურორი უნდა იყოს ცალკე უწყება. ზუსტად იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უნდა იყოს დაშორებული. არის კითხვები? გასაუმჯობესებელია დამოუკიდებლობის ხარისხი? ვიფიქროთ, გავაუმჯობესოთ.

მაგრამ უკან დავბრუნდეთ, როდესაც წელიწადში ერთხელ ჩვენ დეპუტატებმა, გააჩნია რა კომუნიკაციაში იყო ჩვენთან ერთი წლის განმავლობაში გენერალური პროკურორი, მივიღოთ გადაწყვეტილება ავირჩიოთ თუ არ ავირჩიოთ, უპასუხა თუ არა ჩვენს ზარს და გაითვალისწინა თუ არა ჩვენი თხოვნა. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ასე იქნება საბოლოოდ. აქ მხოლოდ პროკურატურაზე არ არის საუბარი. ვინაიდან პროკურატურა წაგიკითხავთ საქართველოს კანონს პროკურატურის შესახებ. საქართველოს გენერალური პროკურატურა უწევს ზედამხედველობას ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ოპერატიულ ზედამხედველობას უწევს ყველა სამინისტროს და სტრუქტურას სადაც მიმდინარეობს გამოძიება და ოპერატიული სამსახური მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ის ზედამხედველობს უშიშროებაზე, შს სამინისტროზე და პენიტენციურ სამსახურზე და სხვა უწყებებზე, სადაც მიმდინარეობს ოპერატიული დამუშავება და ამავდროულად გამოძიება“, - განაცხადა დეპუტატმა.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მსჯელობისას კახა კახიშვილმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დაეკონკრეტებინა, თუ ვინ არის ამ რეკომენდაციის ავტორი, რომლის მიხედვით საქართველოში გენერალური პროკურორი 90 ხმით უნდა იყოს არჩეული, რადგან სწორედ მისი რეკომენდაციით წყდება ქვეყნის მომავალი:

„გენერალური პროკურორის შესუსტებით და ამ სტრუქტურის შესუსტებით შესუსტდება მთლიანად ვერტიკალი იმ სტრუქტურების, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდამცავ სტრუქტურებს საქართველოში, რომელთა უფლებამოსილება და მოვალეობა არის კრიმინალთან ბრძოლა. შესუსტებული უწყებების ხარჯზე გაიზრდება კრიმინალური გავლენები ქვეყანაში, რაც ნამდვილად არ მინდა, მე უბრალოდ ხომ მაქვს უფლება როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ვთხოვო პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ხელმძღვანელობას, რომ შეიძლება მე ვერ გავიგე ბოლომდე სულისკვეთება ამ რეკომენდაციის, რომ გავიგოთ ვინ არის ავტორი ამ კონკრეტული რეკომენდაციის, რომელიც წერს, რომ საქართველოში პროკურორი უნდა იყოს არჩეული 90 ხმით. ეს ავტორი ხომ შეიძლება გავიგოთ რომელი ქვეყნიდანაა, არის თუ არა იურისტი, რა გამოცდილება აქვს, რომ ჩვენ ვასრულებთ ამ რეკომენდაციას. იმიტომ რომ მისი რეკომენდაციით წყდება ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო