ადვოკატი - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებას არ ელოდა, არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურებრივი გულგრილობა, რადგან თავისი უფლებამოსილება კეთილსინდისიერად შეასრულა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, ვახტანგაშვილმა მისი სამსახურეობრივი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა. აღნიშნულის შესახებ ცუცქირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, გიორგი ვახტანგაშვილისთვის უცნობია, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა. ცუცქირიძის თქმით, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებას არ ელოდა.

„ბატონი გიორგის პოზიცია შემდეგი გახლავთ, მან თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება, ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ გვაქვს, არც მასალები გვაქვს, ვახტანგაშვილისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რაში უნდა გამოხატულიყო მისი სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს არის მისი პოზიცია. დეტალებთან დაკავშირებით, უკვე სასმართლოში თვითონ ისაუბრებს.

ბატონი გიორგი დაკავებას არ ელოდა. მისი სამსახურეობრივი გულგრილობა რაში გამოიხატა, არ იცის და არც შეიძლება იცოდეს, რაში შეიძლება გამოხატულიყო, რადგან მან თავისი უფლებამოსილება და ვალდებულებები კეთილსინდისიერად, ისე შეასრულა, როგორც ევალებოდა. ის 30 საათის განმავლობაში იკითხებოდა, არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც გაუშვეს, 2-3 დღეში ხელმეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე და საგამოძიებო ორგანოში დააკავეს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო