პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 ხმის შეგროვება მიღწევადია, მათ შორის იმ კონსულტაციების შედეგად, რომელიც მომავალში გაიმართება.
სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ ომბუდსმენის ასარჩევად “ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული მოდელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.
მისივე თქმით, სპეკულაციაა ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, თითქოს მმართველ გუნდს სახალხო დამცველად მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანა სურს.
“ოპოზიცია სპეკულაციურ განცხადებებს აკეთებს. ჰკითხეთ, რამდენად შეიძლება იყოს საკმარისი "ქართული ოცნების" ხმები იმისთვის, რომ სახალხო დამცველი აირჩეს?! "ქართულ ოცნებას" ხმების საკმარისი რაოდენობა არა აქვს. ჩვენ ოპოზიციას მინიმუმ შვიდი კანდიდატის დასახელება იმიტომ შევთავაზეთ, რომ რომელიმე კანდიდატზე ჩვენი დათანხმება 90 ხმიან მხარდაჭერას შექმნის.
სამწუხაროა, როცა ასეთი სპეკულაციები გვესმის. ამ ხალხს უნდა პროცესი დესტრუქციულად წარიმართოს და შედეგი ვერ იყოს მიღწეული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.