გიორგი ვაშაძე - ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის!

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

გიორგი ვაშაძის თქმით, კობახიძის არჩეული გზა არა ევროპისკენ არამედ რუსეთისკენ მიდის და მისი ბრიუსელში ვიზიტიც საქართველოს საკეთილდღეო საქმეებისთვის ხდება.

“დღეს, კანდიდატის სტატუსი, რომ არ გვაქვს მოლდოვისგან განსხვავებით, სწორედ ირაკლი კობახიძის და პრორუსული “ქართული ოცნების” ბრალია. ჩვენ ვართ სწორედ ის ერთ-ერთი პარტია, რომელმაც ევროპარლამენტის ერთ-ერთ უმსხვილეს ფრაქციას ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ ჯერ კიდევ ივნისში მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა, რომ სტატუსი არ მიგვეღო.

დღესაც, სწორედ პრორუსი „ოცნების“ ცრუ საქმის გამო, შეიძლება დავრჩეთ კანდიდატის სტატუსის გარეშე. პრორუსული „ოცნება“ მიზანმიმართულად არ აკეთებს არცერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც 12 რეკომენდაციით არის მოთხოვნილი ევროკომისიის მიერ. სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება - ეს ის ძირეული თემებია, სადაც კობახიძე და „ოცნება“ 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. არაფერს ვამბობ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.

მიუხედავად პრორუსული „ოცნების“ და კობახიძის ასეთი დესტრუქციული საქციელისა, ჩვენი ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ეს ისტორიული შანსი, რომლის მსგავსი შეიძლება კიდევ ათწლეულები აღარ გვქონდეს.

რეფორმების ჩემპიონის სტატუსიდან საქართველო გახდა მაჩანჩალა ქვეყანა და ამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი ადასტურებს, რომლითაც ევროკავშირი აფასებს ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას. პირველი ადგილიდან საქართველომ გადაინაცვლა ჯამურ მესამე ადგილზე უკრაინის და მოლდოვის შემდეგ, ხოლო ცალკეული ინდექსებით გვისწრებს სომხეთი. ფაქტები და ციფრები მეტყველებს ყველაფერზე.

ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის! ჩვენი ამოცანაა ეს არ დავუშვათ და შემოვატრიალოთ საქართველო ევროპისკენ! სწორედ ამიტომ, თქვენგან განსხვავებით, დღესაც საქართველოს საქმეს ვაკეთებთ ბრიუსელში”, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაბიჯებიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო