საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის  ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ედიტე მედნეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიას, როგორც სანდო პარტნიორსა და ახლო მეგობარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე, თანმიმდევრული და გამორჩეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიური მხარის დახმარებისა და ექსპერტების ჩართულობის, რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებულ პროცედურებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეებზე, ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასა და ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, ედიტე მედნე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინეს. მან საქართველოში ელჩის პოზიციაზე დიპლომატი ინგრიდა ლევრენსი შეცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო