შვეიცარიის პრეზიდენტი - შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმაზე თვალის დახუჭვას, რაც უკრაინაში ხდება

შვეიცარიის პრეზიდენტი - შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმაზე თვალის დახუჭვას, რაც უკრაინაში ხდება

შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმაზე თვალის დახუჭვას, რაც უკრაინაში ხდება, - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კიევში ვიზიტი ძალიან ემოციურია, ვინაიდან მისი წინა ვიზიტიდან თითქმის ერთ წელიწადში ის ქვეყანაში ჩავიდა, სადაც ომია.

„თავიდანვე შვეიცარიამ მკაცრად დაგმო რუსეთის შეიარაღებული აგრესია. ჩვენ დაუყოვნებლივ შევიმუშავეთ უკრაინის დახმარების კონკრეტული ნაბიჯები. შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ ნეიტრალიტეტი იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რაც თქვენთან ხდება. ხალხის მასობრივ მკვლელობებს საერთო არაფერი აქვს ნეიტრალიტეტთან ან ჩვენს ფასეულობებთან”, - აღნიშნა კასისმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე იგი კიევის გარეუბანს ეწვია, დაათვალიერა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საბავშვო ბაღი, რომელიც ხელახლა შვეიცარიის დახმარებით აშენდა, ისაუბრა უკრაინულ ოჯახებთან, რომლებმაც საცხოვრებელი დაკარგეს.

„ის, რაც მე დღეს დილით ვნახე, გონივრულს მიღმაა. მიუხედავად დრამატული სურათებისა, რომლებიც ჩვენამდე მოდის, მხოლოდ პირადი ვიზიტი გვაძლევს წარმოდგენას სისასტიკეებისა და მოსახლეობის ტანჯვის შესახებ”, - თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

კასისმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი სოლიდარობა და აღნიშნა, რომ ომის დასაწყისიდან მისი ქვეყანა ცდილობს სხვადასხვა სფეროში უკრაინის დახმარებას.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, რომ შვეიცარია უკრაინის ერთგულია და რუსეთს დეესკალაციისკენ და უკრაინული ტერიტორიებიდან ჯარის სრული გაყვანისკენ მოუწოდებს”, - თქვა კასისმა.