საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, თიურინგიის ფედერალური მიწის (გერმანია) ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრ ვოლფგანგ თიფენზეეს ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი და ამავდროულად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების თავმჯდომარე, პროფესორი ზატლერი, თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების რეფერენტი ფრანცისკა ბრაიტჰაუპტი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ამავდროულად, საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ტანია ჰიუტი. შეხვედრას, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, სტუ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედ უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან - უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი. უნივერსიტეტში მოქმედებს ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორია, სადაც ტარდება კვლევები CERN-თან ერთად. წელს ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესში და თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს. კონგრესის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე მეც გახლდით მიწვეული. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰეგელის მორიგ, 35-ე კონგრესს საქართველო, კერძოდ კი ჩვენი უნივერსიტეტი უმასპინძლებს. დაგვეთანხმებით, ეს დიდი შესაძლებლობაა ნებისმიერი ქართველი მეცნიერისთვის. ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია DAAD-თან. სწორედ გასულ კვირას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ DAAD-ის პრეზიდენტი ჯოიბრატო მუხერჯი და DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი. უნივერსიტეტში მოქმედებს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ოფისი, რომელიც აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მობილობის პროექტს ახორციელებს. გარდა ამ პროექტისა, ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სადოქტორო მობილობის პროგრამაში, რომელსაც, ასევე DAAD სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას DAAD-ის თბილისის რეგიონულ ოფისთან იმ მიზნით, რომ საზაფხულო და ზამთრის სკოლები, გერმანელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში მოეწყოს. აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან, რათა ჩვენი სტუდენტები სასწავლებლად გერმანიაში გავგზავნოთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტთან კოლაბორაციისთვის“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრმა, ვოლფგანგ თიფენზეემ აღნიშნა, რომ 100-წლოვანი ისტორიის მქონე ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობა მომავალი წარმატებების საწინდარია.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა, რომელსაც საქართველოში ვიზიტისას განვიხილავთ. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სასწავლო-კვლევითი პროცესის მართვაა. ვმუშაობთ, რათა გავაფართოოთ სპეციალისტთა, განსაკუთრებით, სტუდენტთა გაცვლის პროგრამები. ჩვენი მიზანია გავაღრმაოთ თანამშრომლობა სამეცნიერო დარგში, განვახორციელოთ ერთობლივი კვლევები და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის განვითარებაში. ამ ეტაპზე, კარგი თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული საქართველოსა და თიურინგიას შორის, კერძოდ, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან. გვინდა ეს თანამშრომლობა, სხვადასხვა კვლევებითა და პროექტებით, უფრო მეტად განვავითაროთ ილმენაუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მადლობას მოგახსენებთ, ბატონო რექტორო, იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის ამ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ვოლფგანგ თიფენზეემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო