საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართა, რომელიც სტუ-ის 100 წლის იუბილესა და გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის 65 წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, სტუ-ის გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის და სტუ-ის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, სტუ-ის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, დარგის სპეციალისტები, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, დარგში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლები და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა და სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობასა და საერთაშორისო კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სამთო-გეოლოგიურ დარგს უდიდესი როლი აკისრია. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, განვიხილოთ არსებული პრობლემები, დავსახოთ მათი აღმოფხვრის გზები, ვიმსჯელოთ ახალ ტექნოლოგიებსა და იმ სასწავლო პროცესზე, რომელიც უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე მიმდინარეობს. სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტები და კერძო სექტორი ღიად საუბრობენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორი, ჩვენი ქვეყნის ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“. ჩვენი მოტივირებული სტუდენტები ამ კომპანიებში გადიან საწარმოო პრაქტიკას და წარმატებით საქმდებიან. თუმცა ეს არ არის საკმარისი - დარგს სჭირდება მეტი სპეციალისტი, ახალი ტექნოლოგიების მცოდნე მეტი კვალიფიციური ახალგაზრდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აუმჯობესებს სასწავლო გარემოს, რისი დასტურიც კერძო სექტორის მხრიდან მზარდი ინტერესია. უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

როგორც „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, გეოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა თორნიკე ლიპარტიამ აღნიშნა, კომპანიას, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის ესაჭიროება სამთო-გეოლოგიური დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ამ მიზნით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტთან. თორნიკე ლიპარტიას თქმით, კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა იმდენად წარმატებულია, რომ კომპანიის თანამშრომელთა რიგები მუდმივად ივსება სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით.

„ჩვენი კომპანია წინ მიიწევს, გვაქვს ბევრი სიახლე. ორი წლის განმავლობაში მთლიანად გადაიარაღდა სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გასული პროდუქციის ძირითადი ლოკომოტივია. უახლესი ტექნოლოგიები დავნერგეთ ფინურ კომპანია „ოტოტეკთან“ ერთად, რომელიც გიგანტია მადნით გამდიდრების სფეროში. გვაქვს ახალი გამოწვევა - წიაღს ოდითგანვე ღია წესით ვამუშავებდით; უკვე რამდენიმე წელია დახურული გვირაბი ფუნქციონირებს, საიდანაც პოლიმეტალური მადანი გამოგვაქვს. მისი საცდელი გამდიდრება ხდება კანადური კომპანიის მიერ დანერგილი უახლესი ტექნოლოგიის მიხედვით. ხშირად, უცხოეთიდან გვიწევს სპეციალისტების მოწვევა იმის გამო, რომ უწყვეტი სამუშაო ციკლი უზრუნველვყოთ. ეს ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია, რის საფუძველზეც დაიწყო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომპანიის პირდაპირი ინტერესია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კვალიფიციური კადრები აღიზარდონ და ეს სამეცნიერო კონფერენციაც ამ განათლების ნაწილია. ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა იმ მიზნისკენ, რომ სამომავლოდ, ძვირადანაზღაურებადი უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა პრაქტიკულად აღარ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა თორნიკე ლიპარტიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა. მომხსენებლებმა იმსჯელეს სამთო-გეოლოგიური დარგისთვის ისეთი მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციებისა და ნაგებობების ელექტროქიმიური კოროზიისგან დაცვა; ჭიათურის საბადოს ჟანგეულ-კარბონატული მადნის დახასიათება; ფეთქებადი „მოლეკულური ნაერთების“ კომპონენტთა შემცველობისა და აფეთქების უნარზე მათი გავლენის შესწავლა, მათი სინთეზი და მუშაუნარიანობის განსაზღვრა; ვერტიკალური ელექტრული ზონდირების ეფექტურობა საინჟინრო-გეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტისას; შავი ზღვის აჭარის სექტორის მორფოდინამიკა და სტიქიური პროცესები; ფოთის სანაპირო ზონის დაცვის ღონისძიებები; პლასტიკური მასების დარტყმამედეგობის შეფასების საკითხები; ზღვის გარემოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპების მიმოხილვა; ლაქებიანი ტუფები - მადნის ძებნა-ძიების კრიტერიუმები და სხვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო