მოსამართლე - იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ჩანაწერებში, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია ჰქონდეს  სისტემატური ხასიათი

იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში, როცა ბატონი ნიკოლოზი ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენის გამოცხადებისა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ განმარტების სახით განაცხადა.

ხათუნა ხარჩილავას თქმით, გამოკვლეულ მტკიცებულებებში სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებულად არ არის.

„გავაკეთებ მცირე განმარტებას, თუ რატომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ რაში ედებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი. მას ბრალი ედებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე, რაც გამოიხატა ბრალის დადგენილების მიხედვით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამცირებაში. ადგილი ჰქონდა დადგენილების მიხედვით ეკონომიკურ ძალადობას და გარდა ამისა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ასევე ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტერორს ბრალდებულის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ.

დავიწყოთ სიტყვიერი შეურაცხყოფით, დიახ, ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება.

გარდა ამისა დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ ტანჯვიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთი მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორე მხრივ ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში, როცა ისმის, რომ ბატონი ნიკოლოზი არაერთი არაეთიკური ტერმინებით ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში. მაგალითად, თუკი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა პირს 2017 წელს, შემდეგ უკვე 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუკი ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებებში სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებულად არ არის“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ინფორმაციისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა