აშშ, გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გაერო-ს რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს

შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გაერო-ს თხოვნით მიმართეს, გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ირანული დრონები უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენა. წერილში, რომელიც გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გაუგზავნეს, აღნიშნული ქვეყნები გაერო-ს სთხოვენ, გააგზავნოს გუნდი დრონების წარმოშობის გამოსაკვლევად.
„ამ უპილოტო საფრენი აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებში, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს“, - აღნიშნულია წერილში.
მსგავსი წერილი გააგზავნა შეერთებულმა შტატებმაც, სადაც ნათქვამია, რომ ირანული დრონები რუსეთში აგვისტოს ბოლოს შეიტანეს. შეერთებული შტატები და ევროპის სამი სახელმწიფო აცხადებენ, რომ თუ თავდასხმებში ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება, ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევაა, რომელიც ზღუდავს გარკვეული იარაღის ირანისთვის გადაცემას ან ირანიდან გატანას.
ამასთან, გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ჯეფრი დელაურენტისმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ნებისმიერი დარღვევა უნდა გამოიძიოს.
„გაერომ უნდა გამოიძიოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ნებისმიერი დარღვევა და არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთს, ან სხვებს ხელი შეუშალონ გაერო-ს მანდატით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჯეფრი დელაურენტისმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დრონები რუსულია და ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება სერიოზულად იმოქმედებს რუსეთსა და გაერო-ს ურთიერთობებზე.

























