ჩინეთის ყოფილ პრეზიდენტს კომუნისტური პარტიის კონგრესზე დარბაზი დაატოვებინეს

ჩინეთის ყოფილი ლიდერი ჰუ ძინტაო, რომელიც კომუნისტური პარტიის კონგრესის დახურვის ცერემონიას ესწრებოდა, დარბაზიდან გაიყვანეს. მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ 79 წლის ჰუ ძინტაო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის გვერდით იჯდა, როდესაც მას ოფიციალური პირები მიუახლოვდნენ და განმარტების გარეშე გაიყვანეს.
კადრში ჩანს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა რაღაც უთხრა სი ძინპინს, რომელმაც თავი დაუქნია. BBC-ი წერს, რომ ჰუ ძინტაოს გაყვანის კადრები გლობალურ ყურადღებას იპყრობს, რადგან ადამიანებს აინტერესებთ, რა მოხდა, რატომ დაატოვებინეს ყოფილ პრეზიდენტს დარბაზი, ან რა უთხრა მან გასვლისას პრეზიდენტ სი ძინპინს.
ცნობისათვის, ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ დღეს ერთკვირიანი კონგრესი დაასრულა. სი ძინპინს ამჟამად კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობები უკავია. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც უზენაეს ლიდერს. კვირას, მას გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამედ ოფიციალურად დაამტკიცებენ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სი ძინპინმა გააუქმა პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი, რითაც საკუთარ თავს ქვეყნის განუსაზღვრელი დროით მმართველობის შესაძლებლობა მისცა.

























