ვახტანგ ძაბირაძე - მურუსიძის იუსტიციის საბჭოში დაბრუნებით ხელისუფლებამ გვითხრა - ვაკეთებ რაც მინდა და როგორც მინდა, გადაწყვეტილების მიმღები ვარ და არავის აზრი არ მაინტერესებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, საუბარი დღეისათვის ყველაზე აქტუალური, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევის თემით უნდა დავიწყოთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე მურუსიძის მისამართით გვირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გქონდა გამოთქმული, იგი რჩებოდა მოსამართლეთა კორპუსის ფორმალურ თუ არაფორმალურ ლიდერად.

დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, მურუსიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებასთან. მეორე ნაწილს მომხდარი არც გაჰკვირვებია, რადგან თვლის, რომ მმართველი გუნდის შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლა სწორედ იმას უკავშირდებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურდა მართლმსაჯულების სისტემაში ამ დოკუმენტით აღებული მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმებისა და ვალდებულებების შესრულება.

თავად მურუსიძემ იუსტიციის საბჭოში მისი დაბრუნება დაუკავშირა მისსავე სურვილს პასუხი გაეცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვინც სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებსა და ბრალდებებს გამოთქვამს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებას?

- საინტერესო იყო ამ თემაზე თავად მურუსიძის შეფასება. მან თქვა, რომ სასამართლოდან წასვლას აპირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა და ოპოზიციამ არ მოისვენეს, სასამართლოს მაინც ჩემს სახელს უკავშირებდნენო, დავბრუნდიო.

მან კი იხუმრა, მაგრამ, ძნელია ამაზე სერიოზულად ილაპარაკო, რადგან მთელი სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივად არის ეჭვები. მუსუსიძის იუსტიციის საბჭოში დაბრუნება ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ რომ მოხდებოდა, ცხადია.

მურუსიძის იუსტიციის საბჭოში დაბრუნებით ხელისუფლებამ გვითხრა - ვაკეთებ რაც მინდა და როგორც მინდა... გადაწყვეტილების მიმღები ვარ და არავის აზრი არ აინტერესებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ

ანუ, პრინციპში ხელისუფლებამ გადაწყვიტა მურუსიძის იუსტიციის საბჭოში დაბრუნება. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ საზოგადოების აბუჩად აგდება. მურუსიძის იუსტიციის საბჭოში დაბრუნებით ხელისუფლებამ გვითხრა - ვაკეთებ რაც მინდა და როგორც მინდა. ხალხის აზრი საერთოდ არ მაინტერესებს და რაც გინდათ ის ილაპარაკეთო. საზოგადოებისათვის ანგარიშის გაწევას არ ვაპირებო.

ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ხელისუფლება საზოგადოებისა და თუ მედიაკონტროლის სივრციდანაა გასული. მან გვითხრა - გადაწყვეტილების მიმღები ვარ და არავის აზრი არ აინტერესებს. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

- საუბარი უნდა გავაგრძელოთ იმ თემაზე საუბრით, რაც პარლამენტში 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულებას ეხება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ის, რაც თქვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძის დაბრუნებასთან დაკავშირებით თქვით, გარკვეულ წილად ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესსაც ეხება.

ასეა, რადგან ის რაც ხდება სახალხო დამცველისა და გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან უფრო პროცედურულ ეშმაკობებს ჰგავს, ვიდრე რეალურ სურვილს შესრულდეს ევროპული რეკომენდაციების ნაწილი მაინც.

ხელისუფლება ყოველ მეორე დღეს მაინც გვახსენებს, რომ იგი მზადაა შეასრულოს ევროპული რეკომენდაციები. არადა, მთავარი ის კი არაა, ჩვენ როგორ შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, არამედ ის, შესრულებულად ჩაგვითვლის თუ არა მათ მთავარი არბიტრი - ევროკავშირი.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ პროცესს?

- დიახ, რეკომენდაციების შესრულების შესაბამისობა უნდა აღიაროს იმან, ვინც მათი შესრულების დავალება მოგვცა. თუ ისინი რეკომენდაციებს შესრულებულად არ ჩათვლიან, მაშინ რეკომენდაციები არც იქნება შესრულებული.

ახლა ამ პროცესში პასუხისმგებლობა ხელისუფლების გარდა ოპოზიციაზეცაა თავისი მონაწილეობით და არმონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის ხმები სჭირდება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად. დანარჩენი რეკომენდაციების შესასრულებლად მას ოპოზიციის ხმები არ სჭირდება. პოლიტიკური ნების შემთხვევაში მმართველ გუნდს თავადაც შეუძლია რეკომენდაციებზე კანონპროექტების მიღება.

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ახალი დაწყებულია და ვნახოთ რა მოხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ იქნება ის, რაც სახალხო დამცველის არჩევის კანონში ჩაიდო. თუ ხელისუფლებას არც ერთი კანდიდატი არ მოეწონება, ყველას დაბლოკავს. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამზადებს საზოგადოებრივ აზრს, რომ სახალხო დამცველის არჩევაში მონაწილეობას ოპოზიცია არ იღებს. სახალხო დამცველის არც ერთ კანდიდატზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მოვალეობას შეასრულებს ლომჯარიას პირველი მოადგილე.

დარწმუნებული ვარ იქნება ის, რაც სახალხო დამცველის არჩევის კანონში ჩაიდო... სახალხო დამცველის არც ერთ კანდიდატზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მოვალეობას შეასრულებს ლომჯარიას პირველი მოადგილე

ახლა რაც შეეხება გენპროკურორის დანიშვნას. ძალიან მიკვირს მათი, ვინც ოპოზიციიდან მხარი დაუჭირა გენპროკურორის არჩევის ახალი კანონპროექტს პირველი მოსმენით. შედეგად ვიღებთ ერთწლიან გენპროკურორს. თუ 6 წლით ვერ ავირჩევთ გენპროკურორს, მაშინ ვიღებთ ერთწლიან გენპროკურორს.

ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი კანდიდატი ჩააგდოს, თუ იგი მას არ მოსწონს. თუ კანდიდატი ოპოზიციას არ მოსწონს, ოპოზიცია ჩააგდებს 6 წლით გენპროკურორის არჩევას. თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ გენპროკურორზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მმართველ გუნდს ექნება შესაძლებლობა ყოველ წელს აირჩიოს ერთი წლით გენპროკურორი.

ძალიან მიკვირს მათი, ვინც ოპოზიციიდან მხარი დაუჭირა გენპროკურორის არჩევის ახალი კანონპროექტს პირველი მოსმენით. შედეგად ვიღებთ ერთწლიან გენპროკურორს... თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ გენპროკურორზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მმართველ გუნდს ექნება შესაძლებლობა ყოველ წელს აირჩიოს ერთი წლით გენპროკურორი

უცნაური ისაა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიცია აცხადებს, რომ გენპროკურორის არჩევის ახალი წესი მათთვის მიუღებელია და სტანდარტებს არ შეესაბამება. თუ ასეა, მაშინ ეს კანონი რატომ მიიღეს? ხელისუფლებამ შეიმუშავა ეს კანონპროექტი, მაგრამ გასაკვირი ისაა, ამ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა რატომ მიიღო მასში მონაწილეობა. ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა აშკარად წინდაუხედაობა იყო, რადგან წინ გვაქვს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი.

ამ პროცესს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აშკარად ვერ დავარქმევთ. ყველაზე ცუდი აზრი, რაც ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, არის ის, რომ ოპოზიციამ ამ პროცესს დაუჭირა მხარი იმ იმედით, რომ როცა ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ეს კანონები მაშინაც იმუშავებს.

დღეს თუ „ქართული ოცნება“ დანიშნავს თავისთვის გენპროკურორს, თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ოპოზიცია მაშინ ის დანიშნავს თავისთვის მისაღებ გენპროკურორს. მაგრამ ქვეყანას და ხალხს ამით რა სიკეთე ექნებათ? არც არაფერი. ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი თავიდანვე სხვაგვარად უნდა წარმართულიყო. ევროპული რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს.

- გვერდს ვერ აუვლით ვაკის პარკის ტრაგედიის თემას. ამ თემაზე ბევრი ითქვა, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მინიმუმ, გამოიკვეთა მერიის უწყებების თანამშრომელთა სამოხელეო დანაშაული.

გამოძიება კი მიდის, მაგრამ ხელისუფლება ვერ ახერხებს მომხდარი ტრაგედიიდან დასკვნების გაკეთებას. არადა. ეს უნდა გაკეთდეს თუნდაც იმისთვის, მომავალში გამოირიცხოს ამგვარი ტრაგიკული შემთხვევები.

არადა, ლამის ყოველ დღე ახალს ამბავს ვიგებთ ამ თემაზე და სულ მეტად ვრწმუნდებით რომ სამშენებლო სფეროში იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ხდება?

- თავის დროზე, როცა თბილისის უკონტროლო განაშენიანება დაიწყო, მაშინ ძალიან ხშირად გამოდიოდა სამშენებლო საკითხებში ექსპერტი ანზორ საკანდელიძე, სამწუხაროდ, კარგა ხანია არსად მომიკრავს თვალი. იგი მუდმივად ამბობდა მშენებლობის ნორმებია მისაღებიო. ეს მაინც სხვა თემაა იმასთან შედარებით, რაც მოხდა ვაკის პარკში.

ფაქტია, რომ ვაკის პარკში მშენებლობის ნორმები არ იყო დაცული. ეს ნორმები დაცული რომ ყოფილიყო, ეს ტრაგედიაც არ მოხდებოდა. მეორე ნაწილი, რაც ამ თემას ეხება გაცილებით რთული და მნიშვნელოვანი. მეორე ნაწილი ქმნის ასეთ უკონტროლობას. მეორე ნაწილს ჰქვია სისტემური ნაწილები.

როგორც ვნახეთ, ამდენ უწყებებში და საექსპერტო წრეებში არ აღმოჩნდა ვინმე ერთი, რომელიც სერიოზულ შეიტანდა ეჭვს ვაკის პარკში მშენებლობის პროცესში. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ის კორუფციული სქემა, რომელიც ამ სფეროშია. ექსპერტიზის დასკვნები, დაწყებული ტენდერების ჩატარება, მიღება-ჩაბარების აქტები და ასე შემდეგ.

- როგორც აღმოჩნდა, ბუნებაში ვაკის პარკში ჩატარებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტიც არ არსებობს...

- არ ვიცი რატომ ჩქარობდა ვაკის პარკის გახსნას მერია. ფაქტია, რომ საზეიმო ღონისძიება მერიას ვაკის პარკში მიღება-ჩაბარების აქტის ჩაბარების შემდეგ უნდა დაეგეგმა. როგორც ჩანს, დღევანდელ საქართველოში შენარჩუნებულია სსრკ-ს დროინდელი ტრადიცია, როცა საპირველმაისოდ, ან საშვიდნოემბროდ რომელიმე ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო. როგორც ჩანს, დღევანდელი საქართველო სსრკ-დან შორს არც წასულა.

როგორც ჩანს, დღევანდელ საქართველოში შენარჩუნებულია სსრკ-ს დროინდელი ტრადიცია, როცა საპირველმაისოდ, ან საშვიდნოემბროდ რომელიმე ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო. როგორც ჩანს, დღევანდელი საქართველო სსრკ-დან შორს არც წასულა

ვიღაცას მოუნდა სწრაფად გაეხსნა ობიექტი და თავისი პიარი გაეკეთებინა. ამიტომ აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტს არავინ დალოდებია. ამის შედეგია ის, რაც მოხდა. როცა ვამბობ, რომ ხელისუფლება კონტროლიდანაა გასული, ეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაც ადასტურებს. ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ ცხადად დაგვანახა, რომ ხელისუფლება არა მარტო სამშენებლო სფეროს, ბევრ სხვა სფეროებსაც კალნური პრინციპით მართავს.

ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ ცხადად დაგვანახა, რომ ხელისუფლება არა მარტო სამშენებლო სფეროს, ბევრ სხვა სფეროებსაც კლანური პრინციპით მართავს

- როგორ ფიქრობთ, მომხდარი ტრაგედიიდან ხელისუფლება შეძლებს ადეკვატური დასკვნების გამოტანას?

- ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ვიღაც კი დაისჯება, მაგრამ ხელისუფლება თუნდაც სამშენებლო სფეროში არსებულ სისტემასა და გარემოს ვერ შეცვლის. ამის შეცვლა უკვე შეუძლებელია. სამწუხარო კი ისაა, რომ მსგავსი ტრაგედიები სხვა ობიექტებზე და სხვაგან კიდევაა მოსალოდნელი.

ახლა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ვაკის პარკთან დაკავშირებული ექსპერტების დასკვნები, სხვა ობიექტებზეც შეამოწმონ. როგორ გგონიათ, მარტო ეს ექსპერტები აღმოჩნდნენ ასეთები? დანარჩენები ისეთ დასკვნას დებენ, რომლებიც ობიექტური იქნება?

არა მარტო სამშენებლო სფეროში არსებული ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი არ ჩანს, რადგან ამ ხელისუფლებას ამის რესურსი არ აქვს. მან რომ ეს გააკეთოს, მართვის არსებული სისტემა უნდა მოშალოს და ახალი უნდა ააშენოს. ევროპული რეკომენდაციები სწორედ იმას გვეუბნება, რომ მართვის არასწორი სისტემები დასანგრევია და ახალია ასაშენებელი.

ხელისუფლებაში მოსული ძალა რეფორმებს ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ატარებს. მტკივნეული რეფორმები მაშინ უნდა ჩაატარო, როცა საზოგადოების მხარდაჭერა გაქვს. თუ სერიოზულ რეფორმებზეა საუბარი და არა მოჩვენებითზე.

აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ სერიოზული რეფორმები 90-იან წლებში ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ოთხ წელიწადში გაატარა. ყველა იმ ძალამ, ვინც რეფორმები გაატარა, გარდა ვალცავ ჰაველისა, შემდეგი არჩევნები წააგო. მაგრამ, შემდეგ ყველა სხვადასხვა ვადით ისევ დაბრუნდა ხელისუფლებაში. მეთერთმეტე წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და სერიოზულ რეფორმებს ახლა ვერ გაატარებს, რადგან ისეთი მხარდაჭერა საზოგადოებაში აღარ აქვს, რაც მას 2012 წელს ჰქონდა.

მეთერთმეტე წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და სერიოზულ რეფორმებს ახლა ვერ გაატარებს, რადგან ისეთი მხარდაჭერა საზოგადოებაში აღარ აქვს, რაც მას 2012 წელს ჰქონდა

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბებული კლანური მართვის სისტემა დასანგრევია. ხელისუფლებას ახლა არც ამის გაკეთების რესურსი არ აქვს. რესურსის გარდა დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოებაში სერიოზული მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლებას რეფორმების გატარება რომც უნდოდეს, ახლა ვერც გაატარებს.

- უკრაინამ ივანიშვილის გარემოცვას სანქციები დაუწესა. ძნელი წარმოსადგენია, რომ კიევს მტკიცებულებები რომ არ ჰქონოდა და ასეთი ნაბიჯი ისე გადაედგა.

ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, მომხდარი სავარაუდოდ, როგორ აისახება საქართველოს იმიჯზე, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, იმ პროცესებში საქართველოს მონაწილეობაზე, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უკრაინის ირგვლივ ხდება...

- შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლებასა და პირადად ივანიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენებს. არაა გამორიცხული ეს ყვითელი ბარათი ჩვენს ხელისუფლებას და ივანიშვილს უკრაინაში ომის დასრულებამდე ჰქონდეთ და მას არც არაფერი მოჰყვეს.

ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლებასა და ივანიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენებს, არაა გამორიცხული ეს ყვითელი ბარათი ხელისუფლებას და ივანიშვილს უკრაინაში ომის დასრულებამდე ჰქონდეთ და მას არც არაფერი მოჰყვეს

რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველაფერზე ინფორმაცია აქვთ, ამას დიდი ცოდნაც არ სჭირდება. ის, რაც აშშ-ს ელჩთან დაკავშირებით ხდება, ნორმალური ნამდვილად არაა. ვთვლი, რომ სანამ ძალიან ღიად არ დაფიქსირდება საქართველოს მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა, დასავლეთი საქართველოს მიმართ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. არ გადადგამს თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არც დასავლეთისთვის იქნება მომგებიანი. ოპოზიცია ამ თემის ისეთ აქტუალიზაციას ახდენს, იმ დონეზე აჰყავს, რომ საზოგადოებაში გადაჭარბებულ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით რომ სულ ცოტაც და „ქართული ოცნების“ საქმე დასრულებულია.

სანამ ძალიან ღიად არ დაფიქსირდება საქართველოს მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა, დასავლეთი საქართველოს მიმართ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. არ გადადგამს თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არც დასავლეთისთვის იქნება მომგებიანი

სანქციები დასავლეთში მოქმედებს, საგარეო ფაქტორი ნამდვილად არის, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც დასავლეთის მიერ ივანიშვილისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი, ჩვენი საზოგადოებისთვის არც არაფერს ცვლის. ტელევიზიებში კი იქნება ამ თემების განხილვა, მაგრამ მოსახლეობის განწყობებში პრაქტიკულად არც არაფერს შეცვლის.

ოპოზიცია ყალბ ორიენტირებსა და მოლოდინებს უქნის საზოგადოებას. ასეთი რამ ისევ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ვერაფრით ვხდები რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება გარინდული კია, მაგრამ მაინც ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებს.

საზოგადოების დიდი ნაწილი გარინდულია, ნაწილი დაბნეული, ნაწილი უკრაინას გულშემატკივრობს, უფრო მცირე ნაწილი რუსეთს, მაგრამ ყველა ელოდება უკრაინაში მოვლენათა განვითარებას.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ჩვენი საზოგადოების უმეტესი და უდიდესი ნაწილი გარინდულად ადევნებს თვალს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებს?

- საზოგადოებაში არის შიში. საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია მოსწონს. ოპოზიციაში ვერ ჩამოყალიბდა ისეთი კონფიგურაცია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნდობას დაიმსახურებს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიციას მეთერთმეტე წელია სულ ყალბი ორიენტირები ჰქონდა. ვგულისხმობ იმას, რომ ის ქმნიდა განწყობას, რომ დღეს თუ არა ხვალ ხელისუფლებას ჩამოაგდებდა.

საზოგადოებაში არსებული შიში უკავშირდება რუსეთის შიშს. ლოგიკა ასეთია, რუსეთი უკრაინას ვერაფერს აკლებს, მაგრამ უკრაინაზე გაბრაზებული ჯავრი საქართველოზე იყაროს. ამიტომაა ურჩევნია დაელოდოს უკრაინაში მიმდინარე პროცესს.

საზოგადოებაში არსებული შიში უკავშირდება რუსეთის შიშს. ლოგიკა ასეთია, რუსეთი უკრაინას ვერაფერს აკლებს, მაგრამ უკრაინაზე გაბრაზებული ჯავრი საქართველოზე იყაროს. ამიტომაა ურჩევნია დაელოდოს უკრაინაში მიმდინარე პროცესს

საზოგადოების 2/3 ოპოზიციურადაა განწყობილი, მაგრამ, ეს 2/3 მართლაც გარინდულია და ელოდება იმას, თუ რა მოხდება უკრაინაში. როგორც კი უკრაინაში გამოიკვეთება ის, რაც დღეს თუ არა ხვალ მოხდება, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენთან შესაძლოა დაიწყოს უმართავი პროცესები.

ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების მუხტი საზოგადოებაში ზრდადია, მაგრამ გამოხატულება იმის გამო არ აქვს, რომ ოპოზიციაში ვერ ხედავს ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას.

როგორც კი უკრაინაში გამოიკვეთება ის, რაც დღეს თუ არა ხვალ მოხდება, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენთან შესაძლოა დაიწყოს უმართავი პროცესები

როგორც კი უკრაინა რუსეთთან თავის პრობლემებს გადაწყვეტს, საქართველოში ქაოსური და სტიქიური პროცესები დაიწყება. ეს გარდაუვალია. ამ პროცესმა შესაძლოა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებული და სულ ახალი ლიდერები წარმოაჩინოს.

ვიმეორებ, პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ეს პროცესი ქაოსური და უმართავი გახდეს. ამ პროცესმა შესაძლოა დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლებას კი ჩამოაშოროს, მაგრამ ქვეყანას ავნოს. ძალიან მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ქვეყანამ 90-იანი წლების შეცდომები შეიძლება გაიმეოროს.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო