„ხალხის ძალა“ - დღეს ჩვენს მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან

„ხალხის ძალა“ ფართოვდება. დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა, რომლებიც საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები არიან უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. ინფორმაციას ამის შესახებ „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„ხალხის ძალის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.

როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებია.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და საჯარო განცხადებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს უკავშირდებოდა და ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას - სწორად და დროულად ინფორმირებულ ხალხს და მის გადაწყვეტილებებს შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ (საზოგადოებასთან ერთად) წარმატებით შეასრულა, თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე. „ხალხის ძალა“ შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მოწოდება ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ“.

„ბოლო პერიოდში გააქტიურდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მუქარები, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ქმედებები. რადგან ხალხი და ხელისუფლება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს ერთობლივად წინ აღუდგა, უკრაინის ხელისუფლებამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საქართველოს ოთხი მოქალაქე სანქციების სიაში შეიყვანა. პარალელურად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ, რომ მზად არიან, საქართველოში ხელისუფლება იარაღის ძალით შეცვალონ.

ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მსგავსი მოწოდება რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ, ხოლო საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ქ-მა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია და მეტი არაფერი.

ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი მშვიდობის და იმ ღირებულებების დასაცავად გაერთიანდეს, რასაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რაც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მოძრაობის შემდგომი ნაბიჯი რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერება იქნებოდა და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდიდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით (და საჭირო ინფორმაციით) აღჭურვა გვესახება.

შესაბამისად, დღეს ჩვენს მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან.

დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთიანობით და საზოგადოების ძალისხმევით ყველა სიძნელეს გადავლახავთ, რაც ჩვენი სამშობლოს წინაშე დგას და საქართველოს განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადგან ისტორიული კანონზომიერებაა, რომ სიმართლე და სამართლიანობა საბოლოოდ აუცილებლად იმარჯვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო