მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციული პროგრამა დაიწყო

საქართველომ დღეს ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრელებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის უდიდესი მრავალდარგობრივი ინვესტიცია, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა და ასევე პირველი პროექტი, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმით ახდენს ფოკუსირებას ადამიანური კაპიტალის განვითარების სამივე კრიტიკულ სფეროზე.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა. თანადაფინანსების ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია დღეს პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

„საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას საქართველოს მოსახლეობასა და მის მომავალში. გვჯერა, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაში ტრანსფორმაციული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გრძელვადიანი განვითარების დაჩქარებასა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის განმტკიცებაში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

„ეს პროგრამა არის სოციალური პოლიტიკის და ჯანდაცვის მიმართულებით ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის, და ასევე, უფრო მეტი ამბიციისა და დადებითი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ კლიმატზე ფოკუსირებული ღონისძიებები შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სოციალურ პოლიტიკასთან, რაც სარგებლის მომტანი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. პროგრამის განხორციელება მოითხოვს უწყვეტ კონსულტაციას ბენეფიციარებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ძალისხმევის გაერთიანებას განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის განვითარების ოფისის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

„საქართველოს მთავრობას ადამიანური კაპიტალის განვითარება თავის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიაჩნია და ადასტურებს ინვესტიციების საჭიროებას ამ მიმართულებით. მსოფლიო ბანკს დიდი გამოცდილება და პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში. თანაბრად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) თავისი წვლილის შეტანა სურს რეფორმის ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდას”, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.

პროგრამა ასევე გააფართოებს ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებთან წვდომას ტელემედიცინის კონსულტაციების ხელშეწყობით და ფარმაცევტული მართვის გაძლიერებით მედიკამენტების ფასების შესამცირებლად, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილ ხარჯებში მნიშვნელოვან წილს შეადგენს.

სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად კი ადამიანური კაპიტალის პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ საჭიროებებზე რეაგირებას დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოფლად.

კლიმატის ცვლილების გლობალური დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულების გამოსახატავად, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში კლიმატის ცვლილებებისა და ენეგოეფექტიანობის შესახებ მოდულების ჩატარებას, მასწავლებლების ტრენინგს კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი და ენერგოეფექტური სკოლების თაობაზე, და ასევე, „მწვანე“ სამუშაო ადგილებისთვის საჭირო უნარების განვითარებისადმი მიმართული ტრენინგების განხორციელებას.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული საქართველოს ადამიანური კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, საქართველოსათვის კრიტიკულად მნიშნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება, რათა მოხდეს პროდუქტიულობის, დაბერების და ინკლუზიურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე რეაგირება ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა