გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
“მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, გერმანია უკრაინას ბევრ სხვადასხვა სახის იარაღს აწვდის. გერმანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში უკრაინას IRIS-T საჰაერო თავდაცვის ოთხი თანამედროვე სისტემა უნდა გადაეცეს.
შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე.
“მე გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს”, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.