გაერო-ში რუსეთის ელჩი - დასავლეთის მოწოდებები უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებაზე საშიშ პრეცედენტს ქმნის

გაერო-ში რუსეთის ელჩი - დასავლეთის მოწოდებები უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებაზე საშიშ პრეცედენტს ქმნის

დასავლეთის მოწოდებები რუსეთის მიერ უკრაინაში ირანისგან მიწოდებული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების შესახებ საშიშ პრეცედენტს ქმნის, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

„დასავლეთის დელეგაციების ქმედებები, რომლებიც ითხოვენ, სამდივნომ დრონების გამოყენების გამოძიების ორგანიზება განახორციელოს, ძალიან სახიფათო პრეცედენტს ქმნის გაერო-ს მუშაობისთვის. სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ სურთ სამდივნოს კომპეტენციების ხელოვნური გაფართოება და მისთვის დამატებითი ფუნქციების მინიჭება უშიშროების საბჭოს პრეროგატივების დარღვევის გზით“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ნებენზიამ უშიშროების საბჭოს წევრებს გაერო-ს წესდების დაცვისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს წევრებს, დაიცვან გაერო-ს წესდება, დაგმონ დასავლეთის დელეგაციის ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის გაერო-ს წესდებას და მკაფიოდ ისაუბრონ სამდივნოს მიერ ქარტიის 101-ე მუხლისა და მისი მანდატის დაცვაზე“, - აღნიშნა ვასილი ნებენზიამ.

შეგახსენებთ, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა გაერო-ს გენერალურ მდივანს გაუგზავნეს წერილი და ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიებისკენ მოუწოდეს. გაერო-ს გენერალურ მდივანს გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა უკრაინამაც. რუსეთი ამტკიცებს, რომ გაეროს სამდივნოს მსგავსი მანდატი არ გააჩნია.