ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს, ორგანიზებულია მუშაობა საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო კომიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას.
„ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება. პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა.