რუსების მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და ცენტრალურ ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა მკაცრდება

რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული შეტევის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და ცენტრალურ ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, კიევის საოლქო- სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყებიან.
„რუსი ტერორისტები წუხელ კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. დაზიანებულია ტექნიკა. ცენტრალური რეგიონების სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად, ენერგეტიკოსები იძულებულნი არიან, დააწესონ მკაცრი შეზღუდვები. ელექტროენერგიის აუცილებელი შეზღუდვა კიევში, კიევის ოლქში, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და ჟიტომირის ოლქებში დარეგულირდება ენერგოსისტემაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები Shahed-ის უპილოტო დრონებით განხორციელდა. ხანძრის ლიკვიდაციაში 8 ერთეული ტექნიკა და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 48 თანამშრომელი იყო ჩართული. თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

























