თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - მოსამართლე, რომელიც თვეების განმავლობაში სახლიდან ატარებს სასამართლო სხდომებს, ფაჩუჩებით აცხადებს გადაწყვეტილებას, ჩემს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს

მოსამართლე, რომელიც თვეების განმავლობაში სახლიდან ატარებს სასამართლო სხდომებს, ფაჩუჩებით აცხადებს სასამართლოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს, - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვლადიმერ ხუჭუამ ამავე სასამართლოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატზე, ბადრი ნეპარიშვილზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ ხუჭუამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან ისაუბრა მისსა და მოსამართლე ბადრი ნეპარიშვილს შორის არსებულ უთანხმოებაზე და აღნიშნა, რომ ეს „სამარცხვინო და მიუღებელია“.

“ჩემთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მიმაჩნია, რომ ჩემთვის მიუღებელია. იუსტიციის საბჭო მსჯელობს იმ საკითხთან მიმართებით, რომ მოსამართლე, რომელიც ხუთ თვეში მხოლოდ ხუთჯერ გამოცხადდა თავის სამუშაო ადგილზე, მოსამართლე, რომელიც თვეების განმავლობაში სახლიდან ატარებს სასამართლო სხდომებს, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირობითად ვამბობ, ფაჩუჩებით აცხადებს სასამართლოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემ მიმართ აცხადებს პრეტენზიებს. დღეს საბჭო ამ საკითხს იხილავს. ეს არის სირცხვილი. მიმაჩნია, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი, ყველა მოსამართლე უნდა დაფიქრდეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, ვალდებულებებზე,უფლებამოსილებებზე, რაც მას კანონმა დააკისრა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამგვარი მოსამართლეები არ შეიძლება იყვნენ საზოგადოების ნდობის ამაღლების სამსახურში სასამართლოს მიმართ. ასევე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მოცემულობა, რაც არის, მე იძულებულს მხდის გარკვეული ფაქტები წარმოვადგინო. სხვა შემთხვევაში თავს შევიკავებდი ამგვარი განმარტებებისგან, მაგრამ იძულებული ვარ ჩემ მიმართ წარდგენილი ბრალდებების და პროცესების გამო განვაცხადო ამგვარი რამ”,- განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

როგორც ხუჭუამ განმარტა, მასა და ბადრი ნეპარიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე იუსტიციის საბჭოს წარსულში უკვე მიმართა და აპირებს, რომ წერილობითი განმარტება კოლეგიურ ორგანოს დღესაც წარუდგინოს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხუჭუა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, რომელმაც თანამდებობაზე მეორედ დანიშვნის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა. აღნიშნულ თანამდებობაზე განწესების განაცხადით საბჭოს მიმართა ასევე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბადრი ნეპარიშვილმა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჯერჯერობით არ მოუღია გადაწყვეტილება, ვის დანიშნავს აღნიშნულ თანამდებობაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო