ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ - არ უთქვამთ, რომ რეესტრი უნდა შეადგინოთ და „კუდიანებზე ნადირობა“ გამოაცხადოთ - საქართველოში 150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი

იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს იმის შესახებ, რომ საქართველოს ჰყავს ერთადერთი რუსი ოლიგარქი, ივანიშვილი? - მე და თქვენ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, - ამის შესახებ განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთან კომიტეტზე “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონზე მსჯელობისას უმრავლესობის მისამართით გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ოცნების“ წევრების განცხადება, რომ „კანონპროექტი არ შეეხება ივანიშვილს“ პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არ ემსახურება 12 რეკომენდაციის შესრულებას.

„იცნობთ თუ არა თქვენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ზუსტად იმ პერიოდშია მიღებული, როდესაც 12 - პუნქტიანი წინაპირობა მივიღეთ, იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს იმის შესახებ, რომ საქართველოს ჰყავს ერთადერთი რუსი ოლიგარქი, ივანიშვილი? - მე და თქვენ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ვინ არის ოლიგარქი, რას ნიშნავს ოლიგარქია, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც გასაგებია, რომ თქვენთვის ძალიან მტკივნეული ამბავია, ივანიშვილიც გისაყვედურებდათ ამაზე, მაგრამ ისტორიის ნაწილია ეს უკვე, რომ მას აქვს საპატიო ადგილი აი ამ რეესტრში.

უწყება, რომლის რეკომენდაციების შესასრულებლადაც არის ახლა პროცესი წამოწყებული, ერთადერთ ადამიანს მიიჩნევს ოლიგარქად, სხვას არავის. არ უთქვამთ მათ, რომ თქვენ აქ რეესტრი უნდა შეადგინოთ, კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადოთ, რაღაც პროცესები წარმართოთ პარლამენტში, ძალიან გასაგებად ჩაიწერა ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი. შეიძლება არ გინდოდეთ, მაგრამ ეს უკვე შემდგარი ამბავია. მეტიც, ამ რეზოლუციაში ჩაიწერა ევროპარლამენტის მხრიდან, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანის სანქცირების თემის შესწავლა და დღის წესრიგში დაყენება, როგორც ევროკავშირის მხრიდან ასევე დემოკრატიული პარტნიორების მხრიდან, რაც გულისხმობს დანარჩენ დემოკრატიულ მსოფლიოს. ამიტომ, თქვენ ახლა საქართველოში 150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი რეესტრში და სანქცირების კონტექსტშიც აქვს პოლიტიკური რეზოლუცია მიღებული. შესაბამისად, ის კანონპროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ და რომლის წარმოდგენამდეც არაერთხელ გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ ეს კანონპროექტი არ შეეხება ივანიშვილს, პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ ესე იგი ეს კანონპროექტი არ ემსახურება 12 რეკომენდაციის შესრულებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ