არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აქცია გაიმართა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, პარალელურად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა ხელი მოაწერა განცხადებას აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონის გადასვლის დაუშვებლობის შესახებ.
არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, არტაკ ბეგლარიანის თქმით, აქციას 40 ათასი ადამიანი, ანუ ე.წ. რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი ესწრებოდა.
დამოუკიდებელი შეფასებით კი, აქციაზე 70 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რაც მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის ნახევარია.
„არცახი [მთიანი ყარაბაღი] არასოდეს ყოფილა და არც იქნება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი. ეს იდეა უნდა იყოს საფუძველი აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის“, - ნათქვამია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება ასევე შეიცავს მოთხოვნებს სომხეთის მისამართით, „დაიცვას ორი სომხური რესპულიკის საერთო ინტერესები“.
გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს „განაგრძოს თავისი ვალდებულება არცახის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეპუტატებმა რუსეთს შესთავაზეს „დანერგოს დამატებითი პოლიტიკური და სამხედრო მექანიზმები“, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც ე.წ რესპუბლიკის არსებობას ემუქრება.

























