გიორგი რუხაძე - თუ ოპოზიციას დღეს არ შეუძლია, რომ საზოგადოებრივი პროტესტის საშუალებით ხელისუფლება კრიზისში ჩააყენოს, არც ხვალ შეეძლება, რადგან ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც უკვე მოხდა?

ერთიან სიაზე შეთანხმდებიან თუ ცალ-ცალკე სიით გავლენ, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია და ტექნიკური საკითხია, მთავარი მაინც არის შეთანხმება ერთ, მნიშვნელოვან, ეროვნული დატვირთვის იდეაზე, რომლის გარშემოც შეიკვრება თანამშრომლობა და „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირებას განიხილავს.

როგორც რუხაძემ აღნიშნა, „ოცნების“ დამარცხება ოპოზიციის გაერთიანებითაც შეიძლება და ოპოზიციის გაშლითაც და „მთავარია ის საკითხები, რაზეც ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს და ითანამშრომლოს“.

„მგონია, რომ ერთიან სიაზე საუბარი ადრეა. არჩევნებს როდის ველით ვიცით? - თუ 2024 წელს, სიებზე საუბარი ძალიან ადრეა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია მოახერხებს, ხელისუფლება აიძულოს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, რის ნიშნებსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ, შეიძლება დროული იყოს [სიებზე საუბარი], მაგრამ ჯერ ასეთი სიგნალები არ ისმის. თუ 2024 წლის არჩევნებზე მივდივართ, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს სრულად პროპორციული და 5%-იანი ბარიერით, მცირე პარტიებს ცალკე გასვლის შემთხვევაში ამ ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. შესაბამისად, მათი ერთ ბლოკად გაერთიანება ბუნებრივი და საჭიროა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე ბლოკი გაჩნდეს ოპოზიციაში და კოორდინირებული მოქმედებით და მსხვილი იდეის გარშემო გაერთიანებით შედეგი იგივე იქნება, რაც ერთიანი სიის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მაჟორიტარული კომპონენტი საერთოდ აღარ იქნება. წინა ან იმის წინა არჩევნები რომ ავიღოთ და მაჟორიტარული კომპონენტი ამოვაგდოთ, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციამ ორივე არჩევნები ჯამში მოიგო - ოპოზიციამ აიღო 50%-ზე მეტი, „ქართულმა ოცნებამ“ ნაკლები, ეს საკმარისია გამარჯვებისთვის. თუ ამ სქემას წავყვებით და მაჟორიტარულ კომპონენტს გამოვრიცხავთ, რის ხარჯზეცაა დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რამდენიმე ბლოკი იმუშავებს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მისივე თქმით, თუ სამივე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ გაერთიანდება, არჩევნებზე „ალბათ, ბარიერის პრობლემა არ ექნებათ“.

რაც შეეხება იმას, რამ შეიძლება მოიტანოს რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციის მიზანი რიგგარეშე არჩევნებამდე კრიზისის გამოწვევით მისვლაა, ამისთვის მიზეზი უკვე არსებობს.

„თუ ოპოზიციას უნდა, მაგიდა ააყირაოს, ვითარება შეცვალოს, კრიზისი გამოიწვიოს და შემდეგ იმის გამო, რომ ხელისუფლება კრიზისს და ქვეყანას ვერ მართავს, არჩევნებზე წავიდეთ, ამისთვის უკვე უამრავი მიზეზი არსებობს. ამას არ სჭირდება იმის დალოდება, ევროკავშირი როდის მიიღებს გადაწყვეტილებას, 12 პუნქტი შეასრულა თუ არა საქართველომ. ეს პასუხი დეკემბერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიზეზი, რატომაც დეკემბერში არაა ისაა, რომ საქართველო არაფერს აკეთებს და არა იმიტომ, რომ ვინმეს ეზარება ან არ უნდა. ესეც მიზეზია. ან იმაზე მეტი მიზეზი რა არის, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოს მხრიდან ხდება?! ამაზე მეტი მიზეზი ოპოზიციას არ ექნება. თუ ოპოზიციას დღეს არ შეუძლია, რომ საზოგადოებრივი პროტესტის საშუალებით ხელისუფლება კრიზისში ჩააყენოს, არც ხვალ შეეძლება, რადგან ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც უკვე მოხდა.

ოპოზიციას ვურჩევდი, თუ გეგმა ისაა, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე კრიზისის შედეგად მივიდნენ, ამისთვის მიზეზები უკვე არსებობს. ტყუილად ელოდებიან იმ 12 პუნქტს, ეს არაფერს შეცვლის. ხელისუფლება ამის გაკეთებას მაინც არ აპირებს, არც შეასრულებს და ვერც შეასრულებს. დამთავრებული ამბავია“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ამასთან, კითხვას, უკვე შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხელისუფლება 12-პუნქტიან რეკომენდაციას არ შეასრულებს, რუხაძე დადებითად პასუხობს და ამბობს, რომ ეს საკითხი „უკვე ჩავარდნილია“.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი