ნიკა მელიას განცხადებით, “რუსული ოცნება” გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, რაც ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, “რუსული ოცნება” გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, რაც ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა”.

როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “საშუალო წლიური ზრდა “ოცნების” პერიოდში მხოლოდ 4,1 პროცენტი იყო. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24 პროცენტი საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით, 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა.”

„ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას. ამტკიცებს დაჟინებით, თუმცა ავიწყდება, ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი კი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა. „რუსული ოცნება” გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, 10 %-ზე, მაშინ როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა 5%-ია და ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლოებით, 25% შეადგინა. რას ნიშნავს ეს? - შეიძლება გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული, ნომინალურად, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10 %-იანი ზრდით და ამ დროს, აქვე, ჩვენს მეზობელ სომხეთში, წლიური ეკონომიკური ზრდა 13% იქნება. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს, მათ ედრება და რატომღაც, მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უშლის ქოთნისთვის სასურველ მხარეს ყურის გამობმაში. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ მთელს ევროპას და ამერიკას შურდაო. ისეთი სურათი დახატა, თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდეს. ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა ჩვენსაზე ნაკლებია, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენად მეტი ქვეყანა გვისწრებს. გარდა ამისა, ეს არის ტიპური მანიპულაცია და აი რატომ: მშპ-ის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება წელიწადში 1 200 დოლარით მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდ 6 წელიწადში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 270 000-ით გაიზარდა.

„ღარიბაშვილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად გვატყუებს და გვეუბნება, რომ სამაგიეროდ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც სინამდვილეში რაში აისახება? 2015 წელს ქვეყანაში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 390 ათასი ადამიანი იყო, 2021 წლის ბოლოს -660 ათასი. მხოლოდ 6 წელიწადში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 270 000-ით გაიზარდა. NDI-ს უკანასკნელი კვლევით, საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისათვის საჭირო საკვების საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს. 2012 წელს ქვეყნის რეალური მშპ იყო 30 მილიარდი ლარი, 2022 წელს იქნება 45 მილიარდი ლარი. ე.ი „ქართული ოცნების” მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა “ოცნების” პერიოდში იყო მხოლოდ 4,1%. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24% საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ფაქტობრივად, ოცნების მმართველობის დროს დავკარგეთ 15 მილიარდი ლარი.

თუკი ნომინალური მშპ-ის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაახლოებით, 40 მილიარდი დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას. რომ არა ხელისუფლების მთელი ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით, 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი, არამედ, ბევრი ჩვენი თანამემამულე დაბრუნდებოდა უკან და არც სახელმწიფო ვალი გაიზრდებოდა ამ ზომით. ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 6,24%-ით რომ გაზრდილიყო, მაშინ საქართველოს მოქალაქე იქნებოდა თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე დღეს არის (მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით, 18 ათასი ლარი ნაცვლად 11 ათასისა). საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674 ლარი, არამედ 1500 ლარი. სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზაში არ იქნებოდა დარეგისტრირებული ყოველი მესამე ადამიანი და 660 ათასი პირის ერთადერთი შემოსავალი არ იქნებოდა სახელმწიფო სოციალური დახმარება. ქვეყანაში გაჩნდებოდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რადგან რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტს ხარჯავს და შესაბამისად გაიზრდებოდა მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მისცემდა ყველას, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან დამთავრებული სხვა დარგებით”, - განაცხადა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ-მინისტრის მორიგი სიცრუეა და „ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება.”

„მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ-მინისტრის მორიგი სიცრუეა. როცა ყველა დიდი პროექტი გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულები არიან ქვეყნიდან, ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება. სწორედ იმიტომ ტოვებს ქვეყანას საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე, რომ მათ უნდათ ღირსეული აწმყო და ღირსეული მომავალი, უნდათ არჩევანის თავისუფლება, უნდათ განათლება, უნდათ შემოსავალი და უნდათ უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, არ გვაქვს დასაკარგი დრო. „რუსული ოცნების“ ხელისუფლების ყოველი დღე, არის არა მხოლოდ სტაგნაცია, არამედ უკუსვლა, არა მხოლოდ ცუდი აწმყო, არამედ, უარესი მომავალი. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოძრაოთ წინ, ცვლილებებისაკენ!” - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო