ნოემბრის დასაწყისში ირანიდან რუსეთის ფედერაციაში 200 საბრძოლო დრონის გაგზავნა იგეგმება, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია Shahed-136, Mohajer-6 და Arash-2 ტიპის ირანულ საბრძოლო დრონებზე.
“ცნობილია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება კასპიის ზღვის გავლით ასტრახანის პორტში მოხდება. დრონები დაშლილ მდგომარეობაში იქნება მიწოდებული. მომავალში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ თავიდან ააწყობენ, გადაღებავენ და რუსულ მარკირებას გაუკეთებენ”, - წერია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ასევე აღნიშნავს, რომ 13 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთმა პირველად გამოიყენა ირანული კამიკაძე-დრონები, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 300-ზე მეტი მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.