შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს სადაზვერვო მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ირანი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს, - ინფორმაციას CNN-ი საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები უკვე საუდის არაბეთში არიან და მზად არიან ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად.
წყაროების ინფორმაციით, აშშ თვლის, რომ ირანი შესაძლოა ცდილობს ყურადღების ფოკუსირებას საუდის არაბეთზე, რომელსაც თეირანი მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების გაღვივებაში ადანაშაულებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საფრთხის სურათით და მუდმივ კონტაქტშია საუდის არაბეთთან სამხედრო, დიპლომატიური, სადაზვერვო არხებით.
”არ ვიყოყმანებთ, ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი პარტნიორების დასაცავად რეგიონში,” - აღნიშნა პრაისმა.
ცნობისათვის, მანამდე გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს ირანის მხრიდან პოტენციური თავდასხმის ნიშნები.