მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის შესაძლო დატოვების შესახებ ვაშაძის განცხადებაზე - ძალები, რომლებიც დესტრუქციული როლის თამაშს აპირებენ, საჭიროებს მხილებას

ძალები, რომლებიც დესტრუქციული როლის თამაშს აპირებენ, საჭიროებს მხილებას - ვაშაძე ღიად საუბრობს, რომ პარლამენტიდან უნდა გასვლა, რადგან ვერ ხედავს საკუთარ როლს დემოკრატიაში. არადემოკრატიულია ხედვა, რომ ოპოზიცია ებუტებოდეს პროცესს, რადგან არ არის გადაწყვეტილების მიმღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ ე.წ. ლიბერალების წარმოებული აგრესიული კამპანია უნდა ამხილონ და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი აუცილებელია. სარჯველაძე აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტრუქციული დღის წესრიგი აქვთ და ამის მაგალითად გიორგი ვაშაძის განცხადება მოჰყავს, სადაც პარლამენტის დატოვებაზე საუბრობს.

„ანტისახელმწიფოებრივი გეგმებზე საუბარი გაცილებით იოლი შეიძლება იყოს საზოგადოებასთან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს ფორმატი და შინაარსი ამ დისკუსიისა. ამ თემებზე საუბარი და ფიქრი რომ აუცილებელია, ეს შემიძლია ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო. ძალები, რომლებიც დესტრუქციული როლის თამაშს აპირებენ, საჭიროებს მხილებას. ამ შემთხვევაში არა ლიბერალური დამოკიდებულება შეიძლება იყოს ინტერესის საგანი, არამედ გეგმები, რომელიც უკავშირდება დესტრუქციული დღის წესრიგის განხორციელებას საქართველოში. ვის აქვს ასეთი გეგმები? - ქართულ პოლიტიკაში ახალი ამბავი არ არის, რომ არიან პოლიტიკური ძალები, ვინც იმთავითვე განწყობილები არიან, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ არიან, ყოველგვარი დესტრუქციული ხერხი გამოიყენონ, რომ მიაღწიონ ხელისუფლებაში მოსვლას. მათთვის წარმოუდგენელია დემოკრატიული პროცესი, თუ ისინი ხელისუფლებაში არ არიან. ამის დასტურად შემიძლია მოგიყვანოთ ბოლო დროინდელი ქცევა და განცხადებები ვაშაძის, რომელიც ღიად საუბრობს, რომ პარლამენტიდან უნდა გასვლა, რადგან ვერ ხედავს საკუთარ როლს და ფუნქციას დემოკრატიაში, თუ ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები. ეს არადემოკრატიული ხედვაა, რომ ოპოზიცია ებუტებოდეს პროცესს, თუ ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები. ასე არ მუშაობს დემოკრატია. პოლიტიკა გულისხმობს საჯარო დისკუსიას საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს გულისხმობს, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტში საქმიანობა, რამდენად ინკლუზიური. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო ის ხალხი, ვინც ჩემი აზრით, ფატალური შეცდომა დაუშვა, როცა გაემიჯნა ერთობლივ მუშაობას, როცა ევროკომისიის რეკომენდაცია გულისხმობდა დეპოლარიზაციას, ანუ ერთობლივ მუშაობას, რაც ხელისუდლებამ შესთავაზა და ამაზე პრინციპულად უარი თქვეს, ეს იყო შეცდომა. გარკვეულმა ნაწილმა ამ შეცდომის ავტორებისა, ეს შემდეგ აღიარა და პოზიცია შეცვალა, ეს რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ შეცდომით აღფრთოვანდნენ და ამ გზით სვლა განაგრძეს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, " პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია მზად არის პარლამენტი დატოვოს. "მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება, როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო