პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას და არის თავისუფლებაში მყოფ ძალიან ბევრ ადამიანზე უფრო ძლიერი.
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ არის რუსული რეჟიმი, რომელიც თავისუფალ ადამიანებს ციხეში ამწყვდევს.
„ამ სასამართლომ არაფერი გვანახა სამართლის, მართლმსაჯულების შესახებ და არ გვაჩვენა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა. ერთადერთი გვანახა, რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას და არის თავისუფლებაში მყოფ ძალიან ბევრ ადამიანზე უფრო ძლიერი. ამიტომ, მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რაღაც მომენტში მოლბებიან, სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება, რომ მათ მართლა აინტერესებთ საერთოდ რამის გარკვევა, არ არსებობს. ეს არის რუსული რეჟიმი. რუსული რეჟიმი ერთადერთი რასაც აკეთებს, ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. თქვენ, ჟურნალისტებს გჭირდებათ დაცვა, ნიკა თქვენ დღეს გიცავთ საკუთარი მოქმედებებით და საკუთარი სიძლიერით. მოქალაქეებს, ახალგაზრდებს სჭირდებათ დაცვა, პენსიონერებს სჭირდებათ დაცვა და ეს დაცვა უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ. უნდა უზრუნველვყოთ სიმართლით და არა ილუზიებით, რომ „ოცნება“ რამეს გააკეთებს. უნდა უზრუნველვყოთ ერთობით, თუ არ დავიღლებით, ნიკაც გამოვა და რაც მთავარია, ის რისთვისაც ნიკა ზის, ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში, ხელების ჩამოყრა, ეს არის ყველაზე ცუდი ნიკასთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. პირიქით, მედიისთვის, რომ არ შევეგუოთ, ვიბრძოლოთ, შევეწინააღმდეგოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი და ეს ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.