ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - რასაც გვთავაზობთ, ეს რაღაც კვლევითი ინსტიტუტია მყვირალა სახელით - კორუფციასთან ბრძოლას პოლიტიკის შემქმნელის მაკოორდინირებლის მდივნის მოადგილის ასისტენტის შემოტანა არ სჭირდება

თქვენ რასაც გვთავაზობთ, ეს არის რაღაც კვლევითი ინსტიტუტი, მყვირალა სახელით - კორუფციასთან ბრძოლას დამატებითი კვლევები და პოლიტიკის შემქმნელის მაკოორდინირებლის მდივნის მოადგილის ასისტენტის შემოტანა არ სჭირდება! - აღნიშნული განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც პირველი მოსმენით ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ნაცვლიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება ის, რომ როცა პარლამენტს გენერალური აუდიტორი წარუდგენს ანგარიშს, რომ მარტო ერთ წელში 107 მილიონი ლარი გაურკვეველი მიმართულებით გაიფლანგა, ეს პროკურატურამ გამოიძიოს.

ნაცვლიშვილმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, აქამდე რა უშლიდათ ხელს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ეფექტურად ემუშავათ.

„თურმე ანტიკორიფიული ბოურო წინადადებებს შეიმუშავებს და პარლამენტს რაღაც რეკომენდაციებს წარუდგენს. აქამდე რამ შეგიშალათ ხელი?! ცოტა ხნის წინ პარლამენტში გენერალური აუდიტორი იმყოფებოდა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში გამოიტანა. ასეთივე ანგარიში მოიტანა წინა წელს, იმის წინა წელს, სადაც წერია სად არის კორუფცია, კანონში რა პრობლემებია და რა პრობლემებია პრაქტიკაში. არც ერთ წელს გენერალური აუდიტორის ანგარიშზე ყური არ შეგიბერტყავთ! ასევე არაერთი საერთაშორისო და შიდა კვლევა არსებობს, რომელიც სახელებით, გვარებით, სტატისტიკით აჩვენებს, მილიონობით ლარი სად და როგორ იფლანგება და როგორ ჩადის კერძო პირების ჯიბეში. რომელი ერთი ასეთი ფაქტით დაინტერესდით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა?! რომელ ერთ ფაქტზე გამოიყენეთ ბერკეტები, რომელიც თქვენ აქამდე გქონდათ?! ასევე მაინტერესებს, თუკი კორუფციაზე წუხდით, რატომ არც ერთხელ საგამოძიებო კომისია არ შექმენით?“ - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

პარლამენტი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც სახელწოდებაც ეცვლება და “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი დაერქმევა.

კანონპროქტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს - უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო