დავით უსუფაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროზე - მარტივი ამოცანა არ არის შექმნა კანონპროექტი და 20-მდე კანონში ცვლილება და გააკეთო კანონი არაფრის შესახებ

საკანონმდებლო პაკეტის შემოქმედთა შრომა უნდა დავაფასოთ - მარტივი ამოცანა არ არის შექმნა კანონპროექტი, ასევე 20-მდე კანონში ცვლილება და გააკეთო კანონი არაფრის შესახებ! - აღნიშნული განცხადება “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დიდი ხანია საქართველოში კანონშემოქმედებით პროცესს ადევნებს თვალს და ამ თვალსაზრისით წარდგენილი პროექტი საპრიზო ადგილს იმსახურებს.

მისივე შეფასებით, ანტიკორუფიული ბიუროს შექმნის თაობაზე საკანონმდებლო აქტების მიღებით არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ერთი ბიურო შეიქმნება.

“ამით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური და შედეგიანი არ გახდება. სააგენტოს მეშვეობით ვერაფერი სასიკეთოდ ვერ შეიცვლება, რადგან გათვალისწინებულია, რომ ანტიკორუფიულმა ბიურომ და მისმა ე.წ. დამოუკიდებელმა ხელმძღვანელმა კოორდინაცია უნდა გაუწიოს და რეკომენდაციები იმ ორგანოებს მისცეს, რომელთა ხელმძღვანელებიც იმ საბჭოში იქნებიან, რომლის წინაშეც ბიუროა ანგარიშვალდებული.

ბიურო პარლამენტის წინაშე ვერაფრით, ვერანაირად ანგარიშვალდებული ვერ იქნება, რადგან როგორი რეკომენდაციები გასცა, ამაზე პასუხი პარლამენტმა ვის როგორ უნდა მოსთხოვოს?

საბოლოო შედეგი ის არის, რომ ვინაიდან, ევროპამ გვითხრა რაღაც შევქმენითო, ჩვენც ავდექით და რაღაცას ვქმნით, მაგრამ საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებში ჩადებულ სულისკვეთებას ვერ იზიარებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.

საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნაწილი “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც სახელწოდებაც ეცვლება და “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი დაერქმევა.

კანონპროექტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს - უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო