ასეთი იდეა, რა თქმა უნდა, არსებობს, რომ ბელარუსის ჯარი უკრაინაში შეიჭრას, მეორე ფრონტი ძალიან სჭირდება რუსეთს ამ მომენტისთვის , - ამის შესახებ "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
კახა გოგოლაშვილის განცხადებით, თუ ბელარუსი დასავლეთ უკრაინაში ჯარებს შეიყვანს და ლოჯისტიკურ გზებს გადაკეტავს, მაშინ ნატო უკრაინის ცას ჩაკეტავს.
„შესაძლებელია, რომ ბელარუსმა შეუტიოს დასავლეთ უკრაინისკენ და გადაკეტოს ლოჯისტიკური გზები პოლონეთიდან. მაგალითად, ლვოვი-კიევის რკინიგზა. ყველა ის გზა, რაც ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს გადაკეტოს.
უკრაინისთვის ლოჯისტიკის შეწყვეტის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება თავდაცვის ორგანიზება. ეს შესაძლებლობა არსებობს და თუ განხორციელდა, მაშინ უკრაინა იქნება კედელთან მიყენებული და როგორც მინიმუმ პოლონური ჯარი მოახდენს ინტერვენციას, რომ დაიცვას გზები. ისინი ისევ განაცხადებენ, რომ რუსეთთან ომის დაწყებას არ აპირებენ, მაგრამ აპირებენ დაიცვან ლოჯისტიკური გზები, დაიცვან ჰაერი.
შემდეგ უკვე ალბათ საზღვარზეც გადმოვლენ და ახდება უკრაინის ოცნება, რომ ნატო-მ ჩაკეტოს უკრაინის ცა, როგორც მინიმუმ დასავლეთ უკრაინის. ალბათ დნეპრის მარჯვენა სანაპირომდე შეიძლება მოხდეს ეს კონტროლი, ხოლო აღმოსავლეთ მხარეს ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ უკრაინელებსა და რუსებს შორის, გაგრძელდება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.