ჯო ბაიდენის განცხადებით, „რესპუბლიკელების“ მუქარა, რომ დამარცხების შემთხვევაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარა, რომ, დამარცხების შემთხვევაში, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
მან ამომრჩევლებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ იმ მომენტზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება და გაერთიანდნენ პოლიტიკური ძალადობისა და ამომრჩევლის დაშინების წინააღმდეგ.
„ამერიკაში ყველა დონის თანამდებობისთვის იბრძვიან კანდიდატები - გუბერნატორობისთვის, კონგრესისთვის, გენერალური პროკურორობისთვის, სახელმწიფო მდივნის თანამდებობისთვის - რომლებიც არ აიღებენ ვალდებულებას, მიიღონ არჩევნების შედეგები. ეს არის გზა ქაოსისაკენ ამერიკაში. ეს უპრეცედენტოა. ეს უკანონოა და ეს არაამერიკულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მისი თქმით, არჩევნების უარმყოფი პირები შთაგონებული არიან ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელების“ რიტორიკა, რომლებიც უარყოფენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ხმების გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებენ, მხოლოდ ამომრჩევლებისა და თანამდებობის პირების მიმართ ძალადობის წახალისებას ემსახურება.
შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.

























