საია-ს თანამშრომლები მუშაობდნენ და მუშაობენ იმ ხელფასზე და იმ სამუშაო პირობებში, რასაც ზარქუასნაირი ხალხი არასდროს გააკეთებს, იმიტომ რომ ასეთი ხალხისთვის ფულით და ძალაუფლებით იზომება ცხოვრების აზრი და არა სხვების მსახურებით და ღირებულებებით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ ანა ნაცვლიშვილის საია-ში ყოფნის დროს, ორგანიზაციას 72 მილიონი ჰქონდა დაფინანსება.
როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, „მილიონობით დაფინანსება არა, მაგრამ მილიონზე მეტი ადამიანი კი ირიცხება საია-ს ბალანსზე, ვისაც უფასო იურიდიული დახმარება გაუწია საია-მ“.
„გუშინ „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი კორუფცია და წყალწყალა ანტიკორუფციული კანონპროექტი გავაკრიტიკე ტრიბუნიდან. გაჯავრდნენ, მაგრამ არგუმენტები არ ჰქონდათ, ირაკლი ზარქუა გამოუშვეს არგუმენტების ნაცვლად ვინც არ იცნობთ, „ოცნების“ დეპუტატია ზარქუა.
მე, რა თქმა უნდა, კორუფციაში ვერ დამადანაშაულებდა და „საიას“ წევრობა წამომაძახა! 72 მილიონი ჰქონდა თქვენს არასამთავრობოსო. გულში კი ვიფიქრე, „შენს პირს შაქარი“ და ნეტა მართლა ჰქონდეს ოდესმე ამხელა ბიუჯეტი საიას-თქო.
ზარქუას ნაბოდიალებს არც გამოვეხმაურებოდი, რომ არა საია და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანები, ვისზეც ასეთ ტყუილებს ავრცელებენ მოსახლეობაში და საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა მართლა შეიძლება დაიჯეროს.
მილიონობით დაფინანსება არა, მაგრამ მილიონზე მეტი ადამიანი კი ირიცხება საია-ს ბალანსზე, ვისაც უფასო იურიდიული დახმარება გაუწია საია-მ, სასამართლოში, პოლიციაში, სტრასბურგში და ა.შ. დაიცვა მათი ინტერესები უსამართლობის და ჩაგვრისგან, ორგანიზაციის სხვა მიღწევებზე და გაკეთებულ საქმეებზე რომ აღარაფერი ვთქვა. საია-ს თანამშრომლები მუშაობდნენ და მუშაობენ იმ ხელფასზე და იმ სამუშაო პირობებში, რასაც ზარქუასნაირი ხალხი არასდროს გააკეთებს, იმიტომ რომ ასეთი ხალხისთვის ფულით და ძალაუფლებით იზომება ცხოვრების აზრი და არა სხვების მსახურებით და ღირებულებებით. ამიტომ ვერც წარმოუდგენიათ რატომ უნდა იმუშაო თუ მილიონები არ გაცვივა თავზე! მე კი ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ რომ ამ გუნდის ნაწილი და არჩეული ხელმძღვანელი ვიყავი სამი წელი.
ზარქუას სიბრიყვე აქ არ დასრულებულა - ანას მასწავლებელს ვეძახიო, წაილუღლუღა, თავის მოკლე ჭკუით დამაკნინა მასწავლებლად მოხსენიებით. მე ამ შედარებას უდიდეს კომპლიმენტად ვიღებ და მადლობას ვწირავ მას! თუმცა უნდა ვთქვა, „ოცნების“ მოწაფეობით სრულიად იმედგაცრუებული ვარ, როგორც ბრძენმა აკაკიმ თქვა - „მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამაც არ უშველაო“. ბუნებით კი უიმედოები ხართ, ვერაფერსაც თქვენ ვერ ისწავლით, ირაკლი, ვერც სხვისი ვერც საკუთარი შეცდომებიდან!“- წერს ანა ნაცვლიშვილი.