სოსო გოგაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში პროკურატურა შესავალ სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძეც შესავალ სიტყვას იტყვის.

სხდომას არ ესწრება ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი.

პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეს ე.წ. გრიფით საიდუმლო ადევს.

ადვოკატის განმარტებით, სოსო გოგაშვილს ბრალად წარდგენილ ქმედებას ვერ დაუმტკიცებენ.

„როცა დასრულდება ყველა მტკიცებულების გამოკვლევა და ყველა მოწმის დაკითხვა, სასამართლო თუ ობიექტური იქნება, დარწმუნდება, რომ სოსო გოგაშვილის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. თუკი, სასამართლო ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება, მას გაუმარტივდება გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა",- განაცხადა ჩინჩალაძემ.

პროკურორ მაია სილაგაძის თქმით კი, ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად საგამოძიებო უწყებას მყარი მტკიცებულებები გააჩნია.

„ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოადგენს ათეულობით მოწმეს, ასევე სხვა სახის მტკიცებულებებს - ვიდეოჩანაწერებს, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ დადასტურდება ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდება“, - განაცხადა სილაგაძემ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო