ქეთევან ჩაჩავა - დიდი იმედი მაქვს, რომ ნიკა გვარამიასთან  დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლება იქნება გამოყენებული

ვფიქრობ, რომ შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის და განსაკუთრებით არ შემიძლია არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ქეთევან ჩაჩავამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - არსებობენ თუ არა საქართველოში უკანონო და/ან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული ან დევნილი ადამიანები.

ჩაჩავა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებს.

„ვფიქრობ, რომ შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის და არ შემიძლია არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა და მართლაც ყველა გამოეხმაურა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფლება, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს - შეწყალების უფლება იქნება გამოყენებული ნიკა გვარამიასთან მიმართებაში“, - განაცხადა ჩაჩავამ.

ამასთან, კითხვაზე, არსებობს თუ არა კლანური მმართველობა სასამართლოში და რას გააკეთებს სახალხო დამცველი ამ პრობლემის დასასრულებლად, ჩაჩავამ ასე უპასუხა: „პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი არის პრობლემის აღიარება, შეფასება და შემდგომ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის და გამოწვევის მოსაგვარებლად“.

„გავლენის ჯგუფების შესახებ მე ან ჩემს ორგანიზაციას სასამართლოს მონიტორინგის გამოცდილება არ გვაქვს. თუმცა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ჯგუფები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არაერთი ანგარიში საუბრობს ამ ხარვეზებზე“, - განაცხადა ჩაჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის ჩაკითხვაზე ახსენდება თუ არა მას ხელისუფლების მაღალჩინოსნების აღიარება, რომ სასამართლო ღრმა კრიზისშია, ჩაჩავამ უპასუხა, რომ სასამართლოში არსებულ „ღრმა კრიზისზე“ ხელისუფლების განცხადებები არ მოუსმენია, მაგრამ რეფორმები რომ საჭიროა ამაზე, მგონი, დისკუსიაც არ არის.

„რეფორმები საჭიროა! მე ზოგადად არ ვარ კოსმეტიკური რეფორმების მომხრე. როდესაც არსებობს გამოწვევა, მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს გააზრებული და გამოსავლის მოძებნა არის აუცილებელი“, - განაცხადა ჩაჩავამ.

ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას ომბუდსმენობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სანდოა ის რეკომენდაციები და კითხვები და რომელიც მოქმედმა სახალხო დამცველს აქვს.

„ჩემთვის სანდო ინსტიტუციის, სახალხო დამცველის ოფისის მიერ არის შეფასებული ამ პროცესის მიმდინარეობა. როგორც პროცესის, ასევე მსჯავრთან მიმართებაში არის კითხვები. სასამართლოს მეგობრის, სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაციები ჩემთვის სანდოა იმდენად, რომ მეც ვიყო ადამიანი, ვისაც კითხვები უჩნდება. ვფიქრობ, საქმე, რომელიც მიმდინარეობს მედიის მფლობელთან მიმართებაში, ის გამოწვევები, რომელიც გამოჩნდა ამ საქმესთან მიმართებაში და გამყარებულია სახალხო დამცველის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ექსპერტების, ორგანიზაციების მიერ, ვინც პროცესს აკვირდება, მათთან ერთად ვარ ადამიანი, რომელიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც არსებობს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში იმ ისტორიული შესაძლებლობის არგამოყენება და მსგავსი ტიპის კითხვების გაჩენა ამ დროს ძალიან სამწუხარო კითხვებს ბადებს. მე გახლავართ საზოგადოების წევრი, რომელიც შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რასაც ვაკვირდებით.

მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა კანონი, სასამართლოს მეგობრის რეკომენდაციები, საქმის რეალობა და ის მსჯავრი, რომელიც წაყენებულია რამდენად შესაბამისობაშია. ასევე ისიც, მსგავსი „ქეისი“ რომ არ არსებობს ქვეყანაში და პირველი ადამიანია, რომელიც ამ მსჯავრით იხდის სასჯელს, ეს კითხვებს ნუთუ არ ბადებს? ჰაერიდან მოტანილი კითხვები ხომ არ არსებობს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით?! დღეს, ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი განსაკუთრებით ასეთ დროს, როდესაც საქართველოს აქვს ისტორიული შანსი და შესაძლებლობა, გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გავიაზროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციით გამყარებული მიზნის, ევროინტეგრაციის მიმართულებით ისტორიული შანსის გამოყენებაზე, მაშინ ყველას ვალდებულებაა ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. გასაგებია, რომ საქმე გასაჩივრდება, ამოიწურება საქართველოში და ალბათ, სტრასბურგშიც წავა, მაგრამ აქ ისევ ვსაუბრობთ იამზე, რა შეიძლება გაკეთდეს დღეს და არ აღმოვჩნდეთ ისე - „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდეს“, - განაცხადა ჩაჩავამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი