ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დეპუტატების მხრიდან განცხადებების გაკეთება შეწყვიტა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ მათ სიტყვისა და გამოხატვის უფლება შეუზღუდა. გიორგი ტყემალაძემ ბოდიში მოუხადა ყველა იმ დეპუტატებს, ვისაც სხდომის მიმდინარეობის დროს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. მისივე განმარტებით, განცხადებები იმ დაპირისპირებების გამო შეწყვიტა, რაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის განხილვას მოჰყვა. დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.