სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ იაზრებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დღეს მათ ერთადერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ კახა კალაძეს გადაფარებოდნენ და ერთგვარად, კახა კალაძის პოლიტიკური დანაშაული თავის თავზე აეღოთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ანა გოგოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან საქმე ისე "ირჩეოდა", როგორც ქვეყანას მართავენ, რამაც სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია.
"13 ოქტომბრის შემდეგ დღეს იყო საკრებულოს პირველი სხდომა. 13-მა ოქტომბერმა, ისევე როგორც თითოეულმა დღემ ამ ტრაგედიის შემდეგ თავისი სათქმელი თქვა და თქვა დღევანდელ სხდომაზე. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედი პოლიტიკოსები, პოლიტიკაში მყოფი აქტიური პირები ვერ იაზრებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დღეს მათ ჰქონდათ ერთადერთი მცდელობა, რომ კახა კალაძეს გადაფარებოდნენ და თავის თავზე აეღოთ ერთგვარად მისი პოლიტიკური დანაშაული. სამწუხაროდ, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგვეზღუდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ისევე როგორც ხელი შეგვეშალა პოლიტიკურ საქმიანობაში, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარემ ჩამოგვართვა სიტყვა. ჩამოგვართვა იმიტომ, რომ მათ არ უნდოდათ გაეგოთ ის, რაც ამ საკითხს აქვს და ეს არის პოლიტიკური პრიზმა. გადაჰყავთ ისე, თითქოს ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ზედამხედველობითი შეცდომა, უბედური შემთხვევა. რეალურად ეს იყო არასწორი პოლიტიკის შედეგად დატრიალებული ტრაგედია. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან საქმე საკრებულოს სხდომაზე ისე ირჩეოდა, როგორც არჩევნებს იგებენ და როგორც ქვეყანას მართავენ, რამაც რეალურად, დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია," - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე არ მივიდა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს. ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დეპუტატების მხრიდან განცხადებების გაკეთება შეწყვიტა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდა.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.