უკრაინის ელჩის განცხადებით, G20-ის ქვეყნებმა ინდონეზიაში სამიტის დღის წესრიგი ჯერ ვერ შეათანხმეს

რუსეთის აგრესიის გამო G20-ის ქვეყნებმა ჯერ ვერ შეათანხმეს ინდონეზიაში სამიტის დღის წესრიგი. ამის შესახებ ინდონეზიაში უკრაინის ელჩმა ვასილი გამიანინმა განაცხადა.
მისი თქმით, ინდონეზიაში “დიდი ოცეულის” სამიტისთვის სერიოზული მომზადება მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო ღონისძიება საკმაოდ სადავო მოვლენად იქცევა.
“ამ მომენტისთვის “დიდ ოცეულში” არ არსებობს კონსენსუსი, სრულიად განადგურებულია წინა სამოქმედო გეგმა, სრულიად განადგურებულია დღის წესრიგი, და ეს რუსეთმა გაანადგურა, რუსეთის აგრესიამ გაანადგურა. არ არსებობს ერთიანობა იმის გაგებაში, თუ რა უნდა იყოს განხილული “ოცეულში” პირველ რიგში”, - აღნიშნა გამიანინმა.
უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, ჩინეთი იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ G20 ეკონომიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და არ განიხილოს “რაღაც პოლიტიკური მომენტები, მითუმეტეს ომი”.
მისი თქმით, ასეთი პოზიცია სამიტის “მონაწილეთა ნაწილის გულწრფელ შეცბუნებას” იწვევს.
ელჩის თქმით, ინდონეზიურმა მხარემ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა სამიტის დღის წესრიგი შეექმნა და მიზნად ისახავდა წინა პლანზე პანდემიასთან ბრძოლის, ენერგეტიკული საკითხებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოტანას.
“და მათი ბრალი არ არის ის, რომ ტერორისტი სახელმწიფო ჩვენი მეზობელია, და რომ მოსკოვურმა ფაშისტურმა რეჟიმმა ფაქტობრივად გაანადგურა დღის წესრიგი. ახლა ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა“, - განაცხადა გამიანინმა.

























