ანდრო გოცირიძე - საფრთხის შემცველია, როცა პოლიტიკური ელიტები უსაფრთხოების მგრძნობიარე თემებს, რუსულ რეალურ საფრთხეს მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის უტოპიური იდეის განსახორციელებლად იყენებენ

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჰიბრიდული ომების სპეციფიკებზე, იმაზე, სავარაუდოდ მას როგორ იყენებს რუსეთი უკრაინაში, ასევე რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ არ აღმოჩნდნენ რუსული საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის მსხვერპლის როლში, „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ მსოფლიო ჰიბრიდული ომის რეჟიმში ცხოვრობდა.

მას შემდეგ რაც უკრაინულმა ომმა მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია, თქვენ როგორ დაახასიათებდით „კლასიკური“ გაგებით ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და განზომილებებს? რისთვის გამოიყენება ამ ტიპის ომები და რაა მისი საბოლოო მიზანი?

- რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ძალისა და გავლენის მრავალფეროვანი, ძირითადად არასამხედრო ინსტრუმენტების გამოყენებას გულისხმობს. კრემლი ამგვარ ტაქტიკას განსხვავებული მიზნებისათვის იყენებს, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასუსტება, პროდასავლური მთავრობების შეცვლა, შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევა, ტერიტორიების ანექსია და სხვა.

იმის გამო, რომ რუსეთი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ალიანსს ტრადიციულ შეიარაღებულ კონფლიქტში, კრემლი ცდილობს მოახდინოს ძალების ეკონომია და სამხედრო ძალის ღია გამოყენების გარეშე მიაღწიოს მიზანს კიბეროპერაციების, ეკონომიკური ბერკეტების, დიპლომატიური ზემოქმედების და სხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით.

კონფლიქტის ინტენსივობის ცვალებადობა ჰიბრიდული ომის ერთ ერთი მახასიათებელია და ზოგიერთ შემთხვევაში, ის შესაძლებელია ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებებშიც კი გადაიზარდოს. რუსული სამხედრო სწავლების მიხედვით, თანამედროვე კონფლიქტში არასამხედრო საშუალებების გამოყენება რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებების გამოყენებას. მაგალითად, ყირიმის წარმატებული ანექსია რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკურ მაგალითად ითვლება, როდესაც კრემლმა აქტიური სამხედრო მოქმედებების გარეშე შეძლო მიეთვისებინა უკრაინის ტერიტორიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჰიბრიდული ტაქტიკის ძირითადი მიზანი ტერიტორიების მიტაცებაა სამხედრო მოქმედებების გამოყენების გარეშე.

რუსული სამხედრო სწავლების მიხედვით, თანამედროვე კონფლიქტში არასამხედრო საშუალებების გამოყენება რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებების გამოყენებას. მაგალითად, ყირიმის წარმატებული ანექსია რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკურ მაგალითად ითვლება, როდესაც კრემლმა აქტიური სამხედრო მოქმედებების გარეშე შეძლო მიეთვისებინა უკრაინის ტერიტორიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი

მაგალითად, იგივე ყირიმის ანექსიისას ინფორმაციულ ოპერაციებთან, პროვოკაციებთან და კიბერთავდასხმებთან ერთად „მწვანე კაცუნების“ გამოყენებამ დიდწილად განაპირობა „უსისხლო“ ანექსიის წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა გერასიმოვმა ჰიბრიდული ომის ტაქტიკა სულ რაღაც 7-8 წლის წინ აღწერა, ძალაუნებურად გვახსენდება, რომ არარეგულარული სამხედრო დანაყოფები და არასამხედრო ზეწოლის ბერკეტები რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგაც არაერთხელ გამოიყენა აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჰიბრიდული ტაქტიკის მიზანი კონვენციური საბრძოლო მოქმედებებისათვის წინაპირობების შექმნაა. მსგავსი ტაქტიკა რუსეთს ადრეც არაერთხელ გამოუყენებია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

„ეთნიკური კონფლიქტის“, უმცირესობათა ან რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზეზით რუსეთმა უკრაინაში უკანასკნელ შეჭრამდეც არაერთხელ სცადა შეექმნა ომის საბაბი და გაემართლებინა აგრესია.

- რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე როგორ გამოიყურება დღეს რუსული ჰიბრიდული ომის თავისებურებები? და სავარაუდოდ როგორია რუსეთის ჰიბრიდული ომის საბოლოო მიზნები?

- 24 თებერვლის შემდგომ რუსეთ-უკრაინის ომში აქტიური სამხედრო ფაზა მიმდინარეობს და ჰიბრიდული აქტივობები, ერთი შეხედვით, უკან ხედზეა გადანაცვლებული, თუმცა, თუ ომის მიმდინარეობას მივადევნებთ თვალს, ცხადი ხდება, რომ კრემლი, მიზნის მისაღწევად არასამხედრო ბერკეტებსაც აქტიურად იყენებს, როგორიცაა ხორბლის კრიზისი, ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირება, საზოგადოების დაშინება, კიბეროპერაციები.

ომის ამჟამინდელ ფაზას თუ დავუკვირდებით, იმას, რასაც რუსეთი ახლა სჩადის, სამხედრო ამოცანის განხორციელებასთან არაფერი აქვს საერთო - ის მიზანმიმართულად ცდილობს გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სექტორი, რათა ზამთარში უკრაინა სიცივისა და ენერგოდეფიციტის პირისპირ დატოვოს და ზავზე დაითანხმოს. ზაფხულში რუსული შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად წვავდნენ ყანებს და ანადგურებდნენ ან ითვისებდნენ მარცვლეულის მარაგებს.

როგორც არსებული ვითარებიდან ჩანს, სადაზვერვო უწყებების არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთმა უკრაინაში მიზნის მიღწევა იმთავითვე სპეცოპერაციის გზით გადაწყვიტა. კრემლის მოლოდინი ჰქონდა, რომ სპეციალური ღონისძიებების და პირველი სარაკეტო დაბომბვების ფონზე წინასწარშემზადებული მე-5 კოლონა ზელენსკის ადმინისტრაციას გადადგომას და გაქცევას აიძულებდა, ხოლო ხელისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჩაიგდებდა ხელთ და ეს შეაფერხებდა უკრაინაში დემოკრატიის განვითარებას, მის დასავლურ ინტეგრაციას.

საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ საზღვრებთან შემდგარი დემოკრატიის არსებობაა კრემლისთვის ეგზისტენციალური საფრთხე, განსაკუთრებით კი ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც რუსეთი ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით ცდილობს მოქალაქეები დემოკრატიის ილუზორულობაში, ხოლო დასავლეთი- ამ სახელმწიფოებში დემოკრატიის შეუძლებლობაში დაარწმუნოს.

საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ საზღვრებთან შემდგარი დემოკრატიის არსებობაა კრემლისთვის ეგზისტენციალური საფრთხე, განსაკუთრებით კი ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც რუსეთი ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით ცდილობს მოქალაქეები დემოკრატიის ილუზორულობაში, ხოლო დასავლეთი - ამ სახელმწიფოებში დემოკრატიის შეუძლებლობაში დაარწმუნოს

ისევ უკრაინაში მიმდინარე ომს რომ დავუბრუნდეთ, მოვლენები კრემლის მოლოდინებისაგან განსხვავებულად განვითარდა და ვიხილეთ ლოჯისტიკამორღვეული რუსული არმიის კოლონები, რომლებმაც თვეების მანძილზე ვერ მოახერხეს სამხედრო წარმატებისთვის მიეღწიათ, ხოლო სპეცოპერაცია ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, რომელშიც სტრატეგიული უპირატესობა ახლა უკვე უკრაინას აქვს.

რუსეთს ახლა სხვა ამოცანა აქვს- დაზამთრებამდე როგორმე არ დაუშვას უკრაინული ჯარის სწრაფი წარმატება, რამაც შესაძლოა, ფრონტი ერთიანად ჩამოშალოს. კრემლი ცდილობს, უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს და აიძულოს დათანხმდეს მშვიდობას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე.

რუსეთს ახლა სხვა ამოცანა აქვს - დაზამთრებამდე როგორმე არ დაუშვას უკრაინული ჯარის სწრაფი წარმატება, რამაც შესაძლოა, ფრონტი ერთიანად ჩამოშალო

ამ მიზნის მისაღწევად რუსული სამხედრო მანქანა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს, ხოლო დასავლეთს ბირთვული ომის შესაძლებლობით აშანტაჟებს.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კრემლმა არა ერთხელ მიმართა ბირთვულ შანტაჟს. რუსულ ბირთვულ შანტაჟზე ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის რეაქცია მყისიერი იყო. ამ თვალსაზრისით ალბათ ყველაზე მკაფიო იყო ვაშინგტონის პასუხი.

რა ამოცანები შეიძლება გადაჭრას ბირთვული შანტაჟით კრემლმა? რამდენად რეალურია ბირთვული საფრთხე? რა რესურსები აქვს კოლექტიურ დასავლეთს რომ რუსულ ბირთვულ შანტაჟზე პრევენციული ნაბიჯები გადადგას და ბირთვული ომის შემაკავებლის როლი შეასრულოს?

- დღესდღეობით ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს ვერცერთ სამხედრო თუ პოლიტიკურ ამოცანას ვერ გადაუჭრის, ამიტომ, მისი გამოყენების ალბათობა დაბალია. ამას გარდა, რუსეთი ოფიციალური არხებითაც და დიპლომატიის კულუარებშიც ინფორმირებულია შესაძლო გამანადგურებელ შედეგებზე.

დასავლეთის არაერთმა ყოფილმა თუ მოქმედმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, დიპლომატმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების სანაცვლოდ ალიანსი გაანადგურებს რუსეთის ბრძოლისუნარიან სამხედრო დანაყოფებს, რაც კრემლისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია პუტინის ახლო გარემოცვა, პრაქტიკულად ვის ხელშიც არის ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანების აღსრულება.

გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების პრევენციის მიზნით აშშ-მა გაზარდა საკუთარი საბრძოლო კონტინგენტი ევროპის ტერიტორიაზე, ალიანსმა ბირთვული დაპირისპირების შემაკავებელი წვრთნები გამართა, ხოლო ბრიტანეთმა პრევენციული განცხადებები გააკეთა ბირთვული იარაღის გამოყენების არდასაშვებად

ბუნებრივია, არავის უნდა წინასწარ წაგებულ თამაშში გაჰყვეს რუსეთის დიქტატორს, რადგან მისი ეპოქა, მიუხედავად ომის მიმდინარეობისა, სრულდება. დასასრულს, ბირთვული იარაღის გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, ალიანსი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს და ასეთი ბრძანების გაცემიდან მის აღსრულებამდე საჭირო დრო, სავარაუდოდ, ეფექტურად იქნება გამოყენებული პრევენციისთვის.

მეორე მხრივ, რუსეთი და მისი ამჟამინდელი მმართველი არაპროგნოზირებადი და სასტიკი მოთამაშეები არიან, თანაც პუტინი მიეჩვია, რომ რამდენჯერაც მსოფლიომ თქვა „ის ამას არ იზამს“ მან ეს ჩაიდინა.

სწორედ ამგვარი გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების პრევენციის მიზნით აშშ-მა გაზარდა საკუთარი საბრძოლო კონტინგენტი ევროპის ტერიტორიაზე, ალიანსმა ბირთვული დაპირისპირების შემაკავებელი წვრთნები გამართა, ხოლო ბრიტანეთმა პრევენციული განცხადებები გააკეთა ბირთვული იარაღის გამოყენების არდასაშვებად. ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად იმოქმედებს ასევე სხვა ბირთვული სახელმწიფოების- ჩინეთისა და ინდოეთის ხისტი პოზიცია ბირთვული იარაღის არგამოყენების სასარგებლოდ.

- იმის გათვალისწინებით რომ დღევანდელი რუსეთი ფაქტობრივად ავტორიტარული სახელმწიფოა, სახელმწიფო ინსტიტუტები სპეცსამსახურების საშუალებით იმართება, საინტერესოა, როგორ გამოიყურება რუსეთის სპეცსამსახურების იერარქია?

როგორია მათი მუშაობის სპეციფიკა? რა როლს ასრულებენ ისინი სახელმწიფოს მართვაში?

- ღია წყაროებში არსებული მონაცემების შედარება რუსული დანაყოფების ან ორგანიზაციების სტრუქტურასთან, მეტად რთულია, ამ უწყებათა უკიდურესად საიდუმლო ხასიათს გამო. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებით, დღევანდელი ვერტიკალი უფრო დეცენტრალიზებულია. კრემლი შემოიფარგლება სტრატეგიული ამოცანის განსაზღვრით, რომლის შესასრულებლადაც უწყებები თავად შეიმუშავებენ და ახორციელებენ პოლიტიკას. აღნიშნული მათ საშუალებას აძლევს, დასახული ამოცანების მისაღწევად იმოქმედონ საკუთარი შეხედულებებისამებრ შექმნილი ვითარებიდან და ხელმძღვანელობის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

თანამედროვე რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი პოლიტიზება, წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, მმართველი რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უწყებათაშორისი კონკურენცია კრემლის კეთილგანწყობისა და შესაბამისად რესურსების მოსაპოვებლად, ასევე პოლიტიკური იარაღად მათი გამოყენება.

სწორედ ამ თვისებებმა გამოიწვია ტრადიციულად ძლიერი რუსული სპეცსამსახურის მონაცემების არასწორ პრიზმაში მიწოდება პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის, რასაც რუსულ პოლიტიკურ ელიტას შეუქმნა განცდა, რომ კიევში ხელისუფლების ცვლილებას და მარიონეტული რეჟიმის დასმას მარტივი სპეცოპერაციით მოახერხებდა.

რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური, СВР-ი, უფრო მეტად „ელიტარული ჯაშუშების კლუბს“ წარმოადგენს და ის ძირითადად, სტრატეგიული ეკონომიკური თუ პოლიტიკური შპიონაჟითაა დაკავებული. ასევე, მისი პასუხისმგებლობის სფეროს შეადგენს ინფორმაციის მოპოვება დასავლური პროექტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობების შესახებ

მოგეხსენებათ, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებს, ხოლო იქ განვითარებულ დემოკრატიულ პროცესებს, შემდგარი დემოკრატიის არსებობას, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას- იმპერიისთვის კონტრდაზვერვით, შიდა საფრთხედ. სწორედ ამიტომ, ეს ქვეყნები უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დაფარვის ზონაა.

ეს უწყება საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მემკვიდრე და რუსეთის უძლიერესი სპეცსამსახურია. მიუხედავად მკაფიო კონტრდაზვერვითი ფუნქციისა, როგორც ვთქვით, უწყება ხშირად საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ე.წ. „პოსტსაბჭოთა სივრცეში“ ახორციელებს ოპერაციებს.

ФСБ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის საინფორმაციო სფეროს უსაფრთხოების დაცვაში. მაგალითად, იგი, ინტერნეტ-პროვაიდერების მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილია აწარმოოს სატელეფონო მოსმენები და ინტერნეტის ტრაფიკის კონტროლი. თუმცა, მისთვის არც შემტევი კიბეროპერაციებია უცხო.

რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური, СВР-ი, უფრო მეტად „ელიტარული ჯაშუშების კლუბს“ წარმოადგენს და ის ძირითადად, სტრატეგიული ეკონომიკური თუ პოლიტიკური შპიონაჟითაა დაკავებული. ასევე, მისი პასუხისმგებლობის სფეროს შეადგენს ინფორმაციის მოპოვება დასავლური პროექტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობების შესახებ.

კიბეროპერაციების ადრეულ ეტაპზე, ГРУ-ს შედარებით მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, ეს უწყება გადაიქცა შემტევი კიბეროპერაციების ფლაგმანად

რუსული სპეცსამსახურების იერარქიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტორია - ჩვენთვის სამწუხაროდ კარგად ცნობილი სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო, რომელიც გენერალური შტაბის სადაზვერვო ორგანოა და ხშირად აქტიური და მწვავე ოპერაციების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. კიბეროპერაციების ადრეულ ეტაპზე, ГРУ-ს შედარებით მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, ეს უწყება გადაიქცა შემტევი კიბეროპერაციების ფლაგმანად.

ცალკე განხილვის თემაა ამ უწყებების ჩრდილოვანი მხარე. მათი მმართველი ელიტა წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ეკონომიკურ ფუნდამენტს, რადგან ისინი აკონტროლებენ რუსი ოლიგარქების დიდ ნაწილს და ხშირად მათი არადეკლარირებული სიმდიდრე ამ ოლიგარქების ფინანსურ პოტენციალსაც სჭარბობს.

რუსეთმა, წინა კონფლიქტებისგან განსხვავებით, ვერ მიაღწია ტრადიციულ წარმატებას კიბერსივრცეში - კიბეროპერაციებმა ვერ უზრუნველყვეს სასურველი ტექნიკური თუ ფსიქოლოგიური ეფექტი, ვერ მოახდინეს რომელიმე საბრძოლო თუ პოლიტიკური ამოცანის განხორციელების ხელშეწყობა

სწორედ ეს თანხები და სპეცსამსახურებზე მიბმული კერძო სამხედრო თუ კიბერდაჯგუფებები ახორციელებენ სპეციალურ ოპერაციებს კრემლის დაინტერესების ქვეყნებში. ამ ფონზე გასაკვირიც არაა, რომ პუტინს ხშირად უწევს პრიგოჟინის, კადიროვის და სხვა კრიმინალური ფიგურების აზრის გათვალისწინება სამხედრო დანიშვნებისას.

- უკრაინაში ომის დაწყებამდე აღიარებულ ფაქტად მიიჩნეოდა რომ რუსეთს მსოფლიოში ჰყავდა

საკმაოდ მომზადებული და მაღალი დონის აიტი-სპეციალისტები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურების დავალებებს წარმატებით ასრულებენ. მეტიც, ბევრი ამბობდა, რომ კიბერომებში რუსეთის ყველაზე ძლიერი „კიბერარმია“ ჰყავს.

როგორ იყენებს რუსეთი კიბეროპერაციებს კონფლიქტებში? როგორ მუშაობს რუსული კიბერარმია უკრაინაში?

- სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე და მის საწყის ფაზაში რუსეთი საკმაოდ აქტიური იყო კიბერსივრცეში და ახორციელებდა როგორც ტექნიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ეფექტზე გათვლილ კიბეროპერაციებს. თუმცა ამ შეტევათა უმრავლესობამ ვერ იქონია გავლენა უკრაინის ბრძოლისუნარიანობაზე და ისინი მოგერიებულ იქნა უკრაინული კიბერთავდაცვის მიერ.

სავარაუდოდ, აქაც, ისევე, როგორც სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისას, ადგილი ჰქონდა მოწინააღმდეგის ძალების და შექმნილი ვითარების არასათანადო შეფასებას - სასურველის რეალობად გასაღებას. შედეგად, რუსული კიბერშეტევების შედეგად არ მოხერხდა უკრაინის ან მისი დასავლელი მოკავშირეების კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოშლა ან შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის მნიშვნელოვანი შესუსტება.

უკრაინაში მიმდინარე ომის კიბერგანზომილების კიდევ ერთი ტრენდია მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი ჰაქტივისტური ჯგუფების გააქტიურება. ამ მიმართულებაზეც უკრაინა უფრო წარმატებული იყო. პრორუსული ჰაქტივისტური ჯგუფები ძირითადად ნაკლებეფექტურ შეტევებს ახორციელებდნენ, მაშინ, როდესაც პროუკრაინული აქტივიზმის მსხვერპლი გახდა რუსული კოსმოსური სააგენტო, „ტრანსნეფტი“, რუსეთის ცენტრალური ბანკი, სახელმწიფო ტელერადიოკომპანია, „სბერბანკი“, თავდაცვის სამინისტრო და სხვა ოფიციალური უწყებები.

ზოგადად, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის კიბერგანზომილების შესახებ, ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა, წინა კონფლიქტებისგან განსხვავებით, ვერ მიაღწია ტრადიციულ წარმატებას კიბერსივრცეში - კიბეროპერაციებმა ვერ უზრუნველყვეს სასურველი ტექნიკური თუ ფსიქოლოგიური ეფექტი, ვერ მოახდინეს რომელიმე საბრძოლო თუ პოლიტიკური ამოცანის განხორციელების ხელშეწყობა.

უკრაინამ მოახერხა ეფექტური კიბერთავდაცვის ორგანიზება, დროულად მოახდინა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საომარ მდგომარეობაზე მისადაგება, კიბეროპერაციების ინტეგრირება სამხედრო სტრატეგიებში, შექმნა ეფექტური კიბერთავდაცვის პლატფორმები და მოახდინა მოხალისეთა და ჰაქტივისტთა ჩართვა კიბერთავდაცვით ღონისძიებებში... აშშ-ის კიბერსარდლობის ელიტარული ჯგუფი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა უკრაინაში და ეხმარებოდა მას კიბერთავდაცვის ორგანიზებაში

რუსული კიბეროპერაციების წარუმატებლობა და არაეფექტურობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: პირველ რიგში, უკრაინამ მოახერხა ეფექტური კიბერთავდაცვის ორგანიზება, დროულად მოახდინა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საომარ მდგომარეობაზე მისადაგება, კიბეროპერაციების ინტეგრირება სამხედრო სტრატეგიებში, შექმნა ეფექტური კიბერთავდაცვის პლატფორმები და მოახდინა მოხალისეთა და ჰაქტივისტთა ჩართვა კიბერთავდაცვით ღონისძიებებში; ამას გარდა, უშუალოდ ომის დაწყებამდე უკრაინამ მიიღო მნიშვნელოვანი დასავლური დახმარება კიბერთავდაცვითი ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

აშშ-ის კიბერსარდლობის ელიტარული ჯგუფი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა უკრაინაში და ეხმარებოდა მას კიბერთავდაცვის ორგანიზებაში, რაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ქსელებში რუსული მალვეარის იდენტიფიცირებას და გაუვნებელყოფას გულისხმობს. ყურადსაღებია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის კიბერსარდლობამ ათამდე ქვეყანაში ოცზე მეტი ასეთი ოპერაცია განახორციელა.

ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული კიბეროპერაციების ეფექტური გამოყენება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ამოცანის გადასაჭრელად, ვერ მოხერხდა

მართალია, უკრაინაში რუსული კიბეროპერაციების არაეფექტურობა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა დასავლური სპეცსამსახურები მაინც მიიჩნევენ, რომ ჯერ რუსული კიბერსაფრთხის იგნორირება დაუშვებელია და შესაძლოა, კრემლში ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება მძლავრი კიბერშეტევის განხორციელების შესახებ. ზამთრის დადგომასთან ერთად ისედაც წარუმატებელი რუსული კინეტიკური შეტევების ინტენსივობა, სავარაუდოდ შემცირდება, რამაც შესაძლოა ბიძგი მისცეს რუსეთის გააქტიურებას კიბერსივრცეში. საქართველოსთვის უკრაინის ეს გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ჩანს, დასავლელი პარტნიორების დახმარებით, უკრაინამ შეძლო ამ ეტაპისთვის ეფექტური კიბერთავდაცვის ორგანიზება.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - როგორ მუშაობს რუსული კიბერარმია უკრაინაში?

გავრცელებული ცნობებით რუსები ახლა აქტიურად იყენებენ სატელიტებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად...

- რუსეთმა რამდენიმე ეტაპად განახორციელა კიბერშეტევები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა თუ სახელმწიფო ქსელებზე: შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრამდე, რუსულმა სახელმწიფო აქტორებმა კიბერშეტევების ტალღა წამოიწყეს უკრაინულ ვებგვერდებზე, რამაც ათეულობით სამთავრობო საიტის საწყისი გვერდის შეცვლა გამოიწვია.

საგარეო საქმეთა, ფინანსთა სამინისტროების საიტზე რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე გავრცელდა მუქარის შემცველი მესიჯი და ინფორმაცია პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. ამას გარდა, გამოყენებულ იქნა მძლავრი დესტრუქციული პოტენციალის მქონე მალვეარი, რომელიც ინფორმაციის განადგურების ფუნქციონალს ფლობს. აღნიშნული შეტევა ერთ ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური აღმოჩნდა მიმდინარე ომის განმავლობაში.

მოგვიანებით, განხორციელდა თავდასხმა უკრაინული ვებგვერდებზე. გავრცელებული მრავალფეროვანი მესიჯები ომზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ზელენსკის აკისრებდა. აღმოჩენილ იქნა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის დამახასიათებელი ფიშინგ-კამპანია QR-კოდის გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავდა სარეგისტრაციო მონაცემების მოპარვას.

რუსული „საინფორმაციო კონფრონტაცია“ ახლა საქართველოში აქტიურად ამკვიდრებს განცდას დემოკრატია ილუზიაა, თითქოს დასავლეთი, აშშ-ი საქართველოში ებრძვის ტრადიციებს, ახდენს ხელისუფლებებზე ზეწოლას, მათი ომში ჩათრევის მიზნით ან ესწრაფვის მათ ძალადობრივად შეცვლას

ამას გარდა, უკრაინის სპეცსამსახურებმა ქსელში გავრცელებამდე აღმოაჩინა და გააუვნებელყო უკრაინის ენერგოსექტორზე რუსული Sandworm-ის კიბერშეტევა. აღმოჩენილი მალვეარი რუსული სამხედრო დაზვერვის მიერ უკრაინაში გამოყენებული დესტრუქციული პროგრამის მოდიფიკაციაა, რომელმაც 2015 წელს კიევში ელექტროენერგიის მასიური გამორთვა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. Sandworm-ი რუსული სამხედრო დაზვერვის დანაყოფია, რომლის მაღალტექნოლოგიური აქტივობა საქართველოშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.

ყურადსარებია, რომ პრორუსული ჰაქტივისტური ჯგუფის Killnet-ის მიერ განხორციელდა შეტევა აშშ-ის კონექტიკუტის შტატის Bradley International Airport-ზე, რამაც ვებგვერდის მუშაობის დროებითი შეფერხება გამოიწვია. შეტევის მიზეზად შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დახმარება დასახელდა.

მიუხედავად რუსული კიბერშეტევების ვრცელი ჩამონათვალისა, არც ერთ მათგანს არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი შეფერხება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოშლა ან ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დრამატული კლება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული კიბეროპერაციების ეფექტური გამოყენება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ამოცანის გადასაჭრელად, ვერ მოხერხდა.

- ფაქტია, რომ უკრაინის ომი აღმოჩნდა ჰიბრიდული ომის ახალი ეტაპის დაწყების მაპროვოცირებელი.

მე-9 თვეა მიმდინარეობს ომი უკრაინაში და ვხედავთ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა გამოვლინებებს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება რუსული ჰიბრიდული ომი საქართველოზე? რას უნდა მიაქციონ ყურადღება ჩვენმა მოქალაქეებმა რომ არ აღმოჩნდნენ რუსული საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის მსხვერპლის როლში?

- ბუნებრივია, რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული ეს გაუმართლებელი და სასტიკი აგრესია საქართველოსთვისაც გარკვეული შედეგების მომტანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ ჰყოფნის რესურსი, რამდენიმე ფრონტზე ერთად იბრძოლოს, მაინც ვერ გამოვრიცხავთ მის მცდელობებს, რეგიონში კიდევ ბევრგან მოახდინოს ესკალაცია, რათა გაართულოს უკრაინისთვის დასავლური მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

სწორედ ეს დასავლური დახმარება და უკრაინელი ხალხის მაღალი საბრძოლო სულისკვეთება მოქმედებს რუსეთისათვის დამღუპველად: აქ საუბარი უკვე უკრაინის ოკუპაციაზე კი არაა, არამედ თავად რუსეთის მმართველ რეჟიმს ემუქრება საფრთხე.

ამას გარდა, რუსული „საინფორმაციო კონფრონტაცია“ ახლა საქართველოში აქტიურად მუშაობს იმ განცდის დამკვიდრებაზე, რომ დემოკრატია ილუზიაა და თითქოს დასავლეთი, აშშ-ი საქართველოში ებრძვის ტრადიციებს, ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებებზე ზეწოლას, მათი ომში ჩათრევის მიზნით ან ესწრაფვის მათ ძალადობრივად შეცვლას.

დასავლეთის ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტებში რუსული პროპაგანდა ცდილობს დანერგოს შეხედულება, რომ საქართველო ან სხვა ასპირანტი ქვეყნები შეუმდგარი სახელმწიფოებია და მათგან „არაფერი გამოვა“, რათა დასავლეთმა შეამციროს ყურადღება და შესაბამისი დახმარებები ამ სახელმწიფოთა ინტეგრაციის მიმართულებაზე.

ეს მეტად საფრთხისშემცველი აქცენტები სამწუხაროდ ჩვენს საინფორმაციო სივრცეშიც აღწევს და ისინი არაერთხელ გაჟღერდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის თუ საინფორმაციო საშუალების მიერ.

სამწუხარო და საფრთხისშემცველია, რომ პოლიტიკური ელიტები უსაფრთხოების მეტად მგრძნობიარე თემებს და რუსულ რეალურ საფრთხეს მერკანტილური მიზნებით, მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის უტოპიური იდეის განსახორციელებლად იყენებენ და ქვეყანაში პოლიტიკურ დონეზე არ არსებობს ჯანსაღი დისკუსია იმ საკითხებზე, რომელზედაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მრავალპარტიულ საერთო ხედვას ელიან და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა