ნიკა სიმონიშვილი - 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ - ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის

სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია - ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საიამ ადამიანის ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 მედია წარმომადგენლის (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გააგზავნა.

საჩივარში საია დავობს, რომ მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები დაირღვა.

„მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ერთ-ერთი დაზარალებულის, "ფორმულას" ჟურნალისტის, ლუკა ხაჩიძის თქმით, 5 ივლისის საქმემ და ორგანიზატორების დაუსჯელობამ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა წაახალისა და მედიაგარემო დაამძიმა.

"მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენს, როგორიც არის ის, რომ მაგალითად, 5 ივლისამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომლებმაც შემდგომ ეს ძალადობა წაახალისა, უშუალოდ 5 ივლისს პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომელიც სწორედ "მწვანე შუქი" იყო იმ სიძულვილის ჯგუფებისათვის. შემდგომ ხელისუფლებისვე გადაწყვეტილებით, არ გამოიყვანეს ადეკვატური რაოდენობით სამართალდამცველები, ანუ არ მოხდა ჩვენი ეფექტიანად დაცვა", - განაცხადა ლუკა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო