„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამი პოლიტიკური პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პარტიებს, კონსოლიდაციის შემთხვევაში არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უდგას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტიდასავლური და პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად და „საჭიროა, ჯერ კიდევ „ცოცხალი“, იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ „ქართულ ოცნებასთან“.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ: საქართველოს მოსახლეობის ნება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა „ქართული ოცნების“ სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 85% მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს მოცემულობა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის რუპორებს, იქნება ეს ტელეკომპანიების (იმედი, პოს ტივი თუ სხვა), პოლიტიკური და კვაზი პოლიტიკური სუბიექტების („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ თუ სხვა), თუ ე.წ. ,,ექსპერტების“ (ლეგიონია მათი სახელი) სახით, უკვე წელიწადზე მეტია გაჩაღებული აქვთ ღიად ანტი-დასავლური კამპანია. მასშტაბური დეზინფორმაციული პროპაგანდის პარალელურად, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა დასავლეთის წინააღმდეგ, არ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მყარად პროდასავლელი და პროევროპელია. სამაგიეროდ, მცირდება „ქართული ოცნების“ მომხრეთა რიცხვი, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს (6%-იანი კლება IRI-ს წინა კვლევასთან შედარებით);

მიუხედავად იმისა, რომ ერთად ოპოზიციურ პარტიებს, ამ კვლევის მიხედვითაც, აქვთ მეტი პროცენტული მხარდაჭერა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბალია ჯამურად ოპოზიციის რეიტინგზე, ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ფინანსური რესურსების (მათ შორის, „შავი“ და რუსული ფულის), არჩევნების გაყალბების და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შესწევს მისი დამარცხების უნარი;

ჩვენ, სამ პარტიას, რომლებმაც ერთიანობის კამპანია წამოვიწყეთ, კონსოლიდაციის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვიდგას (კვლევის მიხედვით, ჯამურად 7%, ხოლო მეორე არჩევანის შემთხვევაში-8%). ეს კვლევაც ამას აჩვენებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტიდასავლური და, შესაბამისად, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად. საჭიროა, ჯერ კიდევ „ცოცხალი“, იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ „ქართულ ოცნებასთან“ და არ ატყუებენ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ასეთი თანამშრომლობით შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მომავალი წლის ბოლოს;

ეკონომიკური ხასიათის პრობლემები (უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები) კვლავ რჩება მოქალაქეთა მთავარ გამოწვევად. სწორედ დასავლეთისკენ სწრაფი ნაბიჯით სვლა არის ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა. სწორედ ევროკავშირი და ნატოა ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია, რასაც წინ ეღობება პრორუსული ქართული ოცნება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 12 პუნქტის უპირობო და რეალური შესრულება. პრორუსული ქართული ოცნება კი, არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, რომლებიც პირიქით, გვაშორებს კანდიდატის სტატუსს და გვიკლავს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას: მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეყვანა, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების შესახებ მუხლს და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. ე.წ. დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის გადმოღება, რომელზეც წინასწარ ცნობილია, რომ არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებად. ბუტაფორიული ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელზეც ასევე წინასწარაა ცნობილი, რომ არ ჩაითვლება შესაბამისი პუნქტის შესრულებად. ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმა, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შესახებ არსებულ პუნქტს და სხვა;

ფაქტია, რომ პარტიული ინტერესებით მოქმედი ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს შესთავაზოს გამოსავალი მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რადგან გაუგებარია, როგორ შეძლებს ესა თუ ის პარტია ინდივიდუალურად პრორუსული რეჟიმის დამარცხებას, ძალაუფლების მოპოვებას და ამ პრობლემების მოგვარებას. ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური ფლანგის სწრაფი კონსოლიდაციაა. წინასაარჩევნოდ, 3 ან 4 თვით ადრე ხელოვნური გაერთიანება, გამოიწვევს პროცესისადმი უნდობლობას და ივანიშვილის მმართველობის გახანგძლივებას.

სინამდვილეში, არანაირი კვლევა არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ სად ვართ. საკმარისია გავესაუბროთ ქუჩაში გამვლელებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას. ერთობა, ეს არის ფორმულა, რომელიც ამარცხებს პრორუსულ რეჟიმს, აერთიანებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და გარანტირებულად მოაპოვებინებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს