გიორგი სანიკიძე - ირან-რუსეთის ურთიერთობა დღეს „დროებით ქორწინებას“ ჰგავს

ირანში მიმდინარე პროცესებზე, ამ პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარებზე, ირან-რუსეთის, ირან-სომხეთის, ირან-თურქეთის ურთიერთობებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ირანის სხვა მეზობლებთან დამოკიდებულებები საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულადაც კი ვითარდება პროცესები ირანში.

მხედველობაში მაქვს საპროტესტო აქციები, რომლის ავანგარდში არიან ქალბატონები, და სტუდენტი ახალგაზრდობა. ვხედავთ, რომ ირანში საპროტესტო აქციების ტალღა არ ცხრება. თქვენ დაკვირვებით რა ხდება ირანში?

- დავიწყებ იმით, რაც ირანში შინაგან პროცესებს უკავშირდება. ფაქტია, რომ ეს შინაგანი პროცესები პირდაპირ არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც კავშირშია საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებასთან. ვგულისხმობ იმას, რაც მას შემდეგ ხდება, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა.

ახლა იმაზე, რა ხდება ირანში. თავიდან ასე ჩანდა, რომ ეს იყო მორიგი საპროტესტო ტალღა, რაც ირანს ახასიათებს. ხშირ შემთხვევაში საპროტესტო აქციები ირანში წელიწადში ერთხელ მეორდება. ისინი ზოგადად უკავშირდება ხელისუფლების არასწორ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე საგარეო პოლიტიკას და ასე შემდეგ.

ირანში დაწყებულ საპროტესტო ტალღას ქალის სახე აქვს. შესაძლოა, ამიტომაც მას ახლა ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქციები პერმანენტულ ხასიათის ატარებს.

ირანში დაწყებულ საპროტესტო ტალღას ქალის სახე აქვს. შესაძლოა, ამიტომაც მას ახლა ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქციები პერმანენტულ ხასიათის ატარებს

ერთი პერიოდი თითქოს მიწყნარდა სიტუაცია, მაგრამ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალი ასრა ფანახი ცემით მოკლეს, რომელმაც უარი თქვა სულიერი ლიდერის სადიდებელი სიმღერა შეესრულებინა, ამან კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია.

- ინტერნეტსივრცეში ვრცელდება რგოლები, რომლებშიც მოქალაქეები სასულიერო პირების მიმართ აფიქსირებენ უპატივცემულობასა და უდიერ დამოკიდებულებას. ამგვარი რამ, თუნდაც ერთი წლის წინ ირანში წარმოუდგენელი იყო...

- ასეთი რამ მანამდეც ხდებოდა, მაგრამ ამ დონეზე ასეთი ღია ფორმით, აგრესიულად არ ყოფილა. მათ შორის ქვეყნის სულიერი ლიდერის მიმართ. კი ვთქვი, რომ ირანში საპროტესტო აქციების სიმბოლო ქალია, მაგრამ, რაც ხდება იმ სერიოზული პრობლემების გამოხატულებაა, რაც ირანს დღევანდელ ვითარებაში აქვს.

ირანში საპროტესტო აქციების სიმბოლო ქალია, მაგრამ, რაც ხდება იმ სერიოზული პრობლემების გამოხატულებაა, რაც ირანს დღევანდელ ვითარებაში აქვს

ვგულისხმობ პირველ რიგში ეკონომიკურ პრობლემებს, ასევე საგარეო ვითარებას. საგარეო ასპარეზზე ირანი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას ნამდვილად არ უწყობს ხელს და საერთაშორისო ასპარეზზე ირანი გარიყულად რჩება.

მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ირანი ძალიან თავისებური პოლიტიკური მოწყობის ქვეყანაა. შეიძლება ასეც ითქვას - ხელისუფლება ცალკე არსებობს და საზოგადოება ცალკე. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ურბანიზებულ ფენებს, რომლის წილი ირანის მოსახლეობაში საკმაოდ დიდია.

მანამდე უხმო და ჩუმი შეთანხმება არსებობდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის - თქვენ, საზოგადოებამ სისტემის წინააღმდეგ არ უნდა გაილაშქროთ, სანაცვლოდ ხელისუფლება თვალს დახუჭავს იმაზე, რაც სახლებში, შინაგან სივრცეებში ხდება.

ოფიციალური შეზღუდვები თითქოს რაც არის, ამაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავდა. იმავე ახალგაზრდობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ მუსიკას უსმენდა. ეს ვრცელდებოდა ასევე მათ მიერ ალკოჰოლის მიღებაზე თუ კიდევ სხვა თემებზე.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ახალი პრეზიდენტის იბრაჰიმ რეისის მოსვლის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა ვითარება. ამ მიმართულებით სახელმწიფომ გადაწყვიტა მკაცრი კურსის გატარება. ამის გამოხატულება იყო ის, რომ გოგონას, რომელიც დაიღუპა და გახდა მოძრაობის სიმბოლო, თითქოს თავსაბურავი არასწორად ეხურა. ამას მანამდე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.

ახალი პრეზიდენტის იბრაჰიმ რეისის მოსვლის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა ვითარება. ამ მიმართულების სახელმწიფომ გადაწყვიტა მკაცრი კურსის გატარება. ამის გამოხატულება იყო ის, რომ გოგონას, რომელიც დაიღუპა და გახდა მოძრაობის სიმბოლო, თითქოს თავსაბურავი არასწორად ეხურა. ამას მანამდე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას

მეორე მომენტი არის ის, რომ ირანში დიდი ხნის მანძილზე იყო ასეთი სიტუაცია, მხედველობაში მაქვს ქვეყნის თავისებური მოწყობა: არსებობს პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია, მაგრამ პრეზიდენტის ზემოთ დგას სულიერი ლიდერი, რომელსაც ემორჩილებიან ძალოვანი სტრუქტურები.

გარდა ამისა, პარლამენტს აკონტროლებს ექსპერტთა საბჭო, თუ რამდენად შეესაბამება პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ისლამს ან არსებული რეჟიმის ინტერესებს. მეორე ვარიანტი უფრო ზუსტად ასახავს იმას, რასაც ექსპერტთა საბჭოს საქმიანობას ეხება.

წინა პრეზიდენტი რუჰანი გარკვეულ წილად ითვლებოდა რეფორმატორად. გარკვეული წინააღმდეგობაც არსებობდა ქვეყნის სულიერ ლიდერსა და რეფორმატორ პრეზიდენტს შორის. თუმცა, პირველ ადგილზე მაინც სულიერი ლიდერი იყო.

დღეს არის სიტუაცია, თითქოს მმართველი კლასი შეკრულია სასულიერო ელიტასთან და პირადად სასულიერო ლიდერთან. სასულიერო ლიდერის დასმულია პრეზიდენტი. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები უცნაურია. დეკვალიფიკაცია ხდება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის, ვინც არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც ოფიციალური რეჟიმი აყენებს. აბსოლუტურად ყველა კანდიდატის დეკვალიფიკაცია მოხდა, ყველა ჩამოაშორეს არჩევნებს რომ იბრაჰიმ რეისისთვის გაეხსნათ გზა პრეზიდენტობისთვის.

ირანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები უკონკურენტო იყო. ასეთი რამ ირანის ისტორიაში მანამდე არც მომხდარა. უკონკურენტო არჩევნებში ირანის ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო ამომრჩეველთა მონაწილეობა. სხვათა შორის, უფრო მეტი გადახაზული ბიულეტენი იყო, ვიდრე ისინი, რითაც ხმა მისცეს პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს.

ირანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები უკონკურენტო იყო. ასეთი რამ ირანის ისტორიაში მანამდე არც მომხდარა. უკონკურენტო არჩევნებში ირანის ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო ამომრჩეველთა მონაწილეობა. სხვათა შორის, უფრო მეტი გადახაზული ბიულეტენი იყო, ვიდრე ისინი, რითაც ხმა მისცეს პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს

ახლი პრეზიდენტი სასამართლო სფეროში მოღვაწეობდა. მას გასულ საუკუნეში ბევრ არცთუ ჰუმანურ გადაწყვეტილებაში სდებენ ბრალს. ასევე იმაშიც, რომ მას არ აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება.

ირანში პრეზიდენტი ითავსებს მთავრობის მეთაურის როლს. მიუხედავად ამისა, რომ მოქმედ პრეზიდენტს არ აქვს არანაირი ჩამოყალიბებული ეკონომიკური პროგრამა. არც იმით ინტერესდება თუ როგორი ეკონომიკური პროექტებია ქვეყანაში.

- რა რეაქცია აქვს ირანის ხელისუფლებას ქვეყანაში პერმანენტულად მიმდინარე საკმაოდ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე?

თქვენი დაკვირვებით რა პერსპექტივა აქვს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს?

- ეს კითხვა კარგი და აქტუალურია, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა ახლა ძალიან ძნელია. ჯერჯერობით, ძალიან რთულია იმაზე ლაპარაკი, რომ საპროტესტო აქციების გამო შეიძლება ირანის რეჟიმი ჩამოიშალოს. თუმცა, ახლა ირანში იმ ტიპის საპროტესტო მოძრაობაა აგორებული, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა.

უფრო რეალური ვარიანტი შეიძლება იყოს იმ სტატუს-კვოზე დაბრუნება, რომელიც წინა პრეზიდენტის მმართველობის დროს იყოს. იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს გარკვეულ საკითხებში ლიბერალურ მიდგომებს. ანუ, იმაზე დახუჭოს თვალი, რაც ქვეყანაში ხდება.

ჯერჯერობით, ძალიან რთულია იმაზე ლაპარაკი, საპროტესტო აქციების გამო შეიძლება ირანის რეჟიმი ჩამოიშალოს. თუმცა, ახლა ირანში იმ ტიპის საპროტესტო მოძრაობაა აგორებული, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა

ახლა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, რადგან ირანი არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს საკმაოდ ძლიერი საშუალო კლასი და მას აქვს თავისი მოთხოვნები. ხელისუფლება ამ საშუალო კლასს რეალურად ვერაფერს აძლევს. არაოფიციალური მონაცემებით ახალგაზრდებში 18 წლიდან 25 წლამდე უმუშევრობა 75%-ს აღწევს. უპირველეს ყოვლისა ეს ქალებს ეხებათ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირანში სტუდენტთა შორის ქალების რაოდენობა 60%-ია. ირანში ქალების უფრო დიდი პრობლემაა ქალთა სახელმწიფო თანამდებობაზე მოხვედრა. ასეთი რამ ირანში ძალიან იშვიათად ხდება. ეს კი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

- საუბრის დასაწყისში ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომი ვახსენეთ. უფრო სწორად ის, რომ ეს პროცესები ირანში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხდება.

იმის გათვალისწინებით რომ ქვეყნის მართვის მოდელით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ბევრი თვალსაზრისით ჰგვანან, უბრალოდ ირანში ძალაუფლების რელიგიური შემადგენელი ბევრად მაღალია, გასაკვირი სულაც არ ყოფილა ის, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ირანი რუსეთს ეხმარება.

გასაკვირი უფრო სხვა რამაა - მიუხედავად იმისა, რომ ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ 40 წელზე მეტია გასული, ეს ქვეყანა ამდენივე წელია პრაქტიკულად ბევრი თვალსაზრისით იზოლაციაშიც კი იმყოფებოდა, იგი ახლა რუსეთს აწვდის დრონებს და ჭურვებს.

როგორ მოახერხა იზოლაციაში მყოფმა ირანმა სამხედრო ტექნიკის წარმოებაში ისე დაწინაურებულიყო, რომ რუსეთს ეხმარება?

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ახლა რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა?

- შიიზმში არის ე.წ. „დროებითი ქორწინების“ ცნება. ირან-რუსეთის ურთიერთობა დღეს „დროებით ქორწინებას“ ჰგავს. ირანი და რუსეთი დღეს რეალურად არიან კი მოკავშირეები, მაგრამ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობებს სტრატეგიულ მოკავშირეობას ვერ დავარქმევ. ირანულ საზოგადოებაში ზოგადად რუსეთი არ არის პოპულარული. საკმაოდ უარყოფითი განწყობებია რუსეთის მიმართ ირანში. ეს არა ერთხელ გამოვლენილა.

ირანი და რუსეთი დღეს რეალურად არიან კი მოკავშირეები, მაგრამ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობებს სტრატეგიულ მოკავშირეობას ვერ დავარქმევ. ირანულ საზოგადოებაში ზოგადად რუსეთი არ არის პოპულარული. საკმაოდ უარყოფითი განწყობებია რუსეთის მიმართ ირანში. ეს არა ერთხელ გამოვლენილა

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკას. ირანს, საერთაშორისო ასპარეზიდან რუსეთის გარიყვის პირობებში და რუსეთის საერთაშორისო სამართლის სისტემიდან ამოვარდნის პირობებში, გონივრული და გამჭრიახი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში საოცარი პერსპექტივები ეხსნებოდა. თუ ირანი თავის ბირთვულ გეგმებზე უარს იტყოდა, ხელს მოაწერდა ამასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს, ეს მას გზას გაუხსნიდა ევაჭრა ნავთობით, რითაც გაზრდიდა თავის შემოსავლებს და ეს ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ინვესტორების შესვლას.

2017 წლის შემდეგ ირანში არც ერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ ირანს ამგვარი შესაძლებლობები ჰქონდა, რომ თავად კარგად იყოს, თეირანი მაინც მოსკოვს უდგას გვერდით. თავისთავად ცოტა ირონიულია, რუსეთს ისე გაუჭირდა ირანულ დრონებს იყენებს.

- ისეთი პირი უჩანს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწეროს ამ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. მაგრამ, მხარეებს შორის პრობლემად რჩება ზანგეზურის კორიდორის საკითხი.

ბაქო და მოსკოვი ცდილობენ ამ კორიდორზე კონტროლი არ ჰქონდეს სომხეთს და მას აზერბაიჯანი და რუსეთი ერთობლივად აკონტროლებდნენ.

ამ საკითხში ერევანსა და ბაქოს შორის უთანხმოებების ფონზე თეირანში ვიზიტად იმყოფებოდა სომხეთის პრემიერი ფაშინიანი. ვიცით, რომ სომხეთსა და ირანს არ უნდათ, რომ მათ შორის სახმელეთო საზღვარს სხვა ქვეყნები აკონტროლებდნენ.

მეორე მხრივ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თეირანი მოსკოვის წაქეზებით ხან საუდის არაბეთს ემუქრება, ხან აზერბაიჯანს. ეს ყველაფერი რას შეიძლება ნიშნავდეს?

- სომხეთ-ირანის ურთიერთობებს ხშირად ასე ვუწოდებ - მარტონი ერთად. სომხეთისთვის ზანგეზურის კორიდორი ეკონომიკური თვალსაზრისით თითქოს მომგებიანია, რადგან სომხეთს ექნება შესაძლებლობა რუსეთს რკინიგზით დაუკავშირდეს, მთლიანად აღარ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან წამგებიანია.

სომხეთ-ირანის ურთიერთობებს ხშირად ასე ვუწოდებ - მარტონი ერთად

აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორით უკავშირდება ნახჭევანს. ზანგეზურის კორიდორზე აზერბაიჯან-რუსეთის კონტროლის დამყარების შემთხვევაში ირანი კარგავს მონოპოლიას როგორც ერთადერთი დამაკავშირებელი აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს შორის. აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის ერთადერთი გზა დღეს ირანზე გადის. აზერბაიჯანსა და ირანს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები კია, მაგრამ აზერბაიჯანის ექსკლავს ნახჭევანს გაზით დღეს ირანი ამარაგებს.

აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის ერთადერთი გზა დღეს ირანზე გადის. აზერბაიჯანსა და ირანს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები კია, მაგრამ აზერბაიჯანის გაზით მომმარაგებელი დღეს არის ირანი

ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ირანის პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო - თეირანი ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ საზღვრები არ უნდა შეიცვალოს, ამიტომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს, მაგრამ, დაცული უნდა იყოს სომხური უმცირესობის პრობლემები.

ირანს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გაგრძელება ძალიანაც აწყობდა, რადგან ასეთ შემთხვევაში კავკასიის აზერბაიჯანი ნაკლებად მიმზიდველი იქნება კავკასიის საკუთრივ ირანის აზერბაიჯანელებისათვის.

ირანში აზერბაიჯანელები რაოდენობით მეორე ეთნიკური ჯგუფია, 15-დან 20-მდე მილიონამდე აზერბაიჯანელს ანგარიშობენ. ნაწილი პროაზერბაიჯანულია, მაგრამ უმეტესობა მაინც ირანული იდენტობის მატარებელია. ამ თვალსაზრისით კავკასიისა და ირანის აზერბაიჯანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

კიდევაა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ყარაბაღს უკავშირდება. სომხეთი აკონტროლებდა მთიანი-ყარაბაღის საზღვარს ირანთან. ამ მხრივაც ეს ირანისთვის მომგებიანი იყო. ამის გამო ირანი ყარაბაღში საკმაოდ აქტიურად იყო. ახლა ეს ვითარება შეიცვალა.

ირანს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გაგრძელება ძალიანაც აწყობდა... სომხეთი აკონტროლებდა მთიანი-ყარაბაღის საზღვარს ირანთან. ამ მხრივაც ეს ირანისთვის მომგებიანი იყო. ამის გამო ირანი ყარაბაღში საკმაოდ აქტიურად იყო. ახლა ეს ვითარება შეიცვალა

- დაგვავალებთ თუ შეეხებით ირან-თურქეთის ურთიერთობებს.

ასევე იმას, რაზეც აქამდე ირანზე და რეგიონში ირანის პოლიტიკაზე ისაუბრეთ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?

- ირანი და თურქეთი პრინციპში ყოველთვის ერიდებიან ერთმანეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას. მათ ერთმანეთში აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობები აქვთ. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მეორე მომენტია ის, რომ ირანს კარგად აქვს აღქმული, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს ირანი ვერ უწევს კონკურენციას თურქეთს სამხრეთ კავკასიაში.

ირანს კარგად აქვს აღქმული, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს ირანი ვერ უწევს კონკურენციას თურქეთს სამხრეთ კავკასიაში

ეს პირველ რიგში ეხება აზერბაიჯანს, რომელიც რელიგიურად და ისტორიულად ბევრად ახლოს დგას ირანთან, ვიდრე თურქეთთან, მაგრამ დღეს იმის გამო, რომ აზერბაიჯანში ეთნიკური კუთვნილების საკითხმა წამოიწია, დღეს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის - ერთი ერი, ორი სახელმწიფო, მთავარი ლოზუნგია.

რაც შეეხება საქართველოს, აქაც, ბუნებრივია ირანი თურქეთს ვერ უწევს კონკურენციას. საქართველო-ირანს შორის ურთიერთობებს ცივ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვუწოდებ. რეალურად ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაც არ არის დიდი.

საქართველო-ირანს შორის ურთიერთობებს ცივ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვუწოდებ. რეალურად ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაც არ არის დიდი

ირანელებისთვის საქართველო საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა. ვიცით რომ საქართველოში ბევრი ირანელია დასახლებული. მათ შორის ძალიან ბევრია ეთნიკურად და წარმომავლობით ქართველი. ისინი საქართველოდან გადასახლებული მათი წინაპრების შთამომავლები არიან.

ირანს სამხრეთ კავკასიაში აქტივობისთვის რჩება სომხეთი, რასაც ძალიან კარგად იყენებს. ამ საკითხში მისი მეტოქე, ბუნებრივია, თურქეთი ვერ იქნება

- თუ გაქვთ მონაცემები ირანიდან საქართველოში რამდენი ადამიანია დასახლებული, მათ შორის წარმომავლობით ქართველი?

- ძალიან რთული საკითხია. ვერ გეტყვით ზუსტ მონაცემებს, რადგან ზუსტად არ ვიცი. სხვადასხვა საიტებზე ამ თემაზე სხვადასხვა მონაცემებია. არის პერიოდები, როცა ირანიდან ჩვენთან ბევრი ჩამოდიან. რეისები თითქმის ყოველ დღეა. შემდეგ ტურისტული ნაკადები წყდება.

რამდენი დასახლდა, ბინადრობის უფლება რამდენმა მიიღო არ ვიცი. ბინადრობის უფლების გარდა, მათ აძლევენ თანამემამულის სტატუსს, რაც მოქალაქეობას არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ამ სტატუსის მატარებლების წინაპრები ქართველები იყვნენ.

რამდენი დასახლდა, ბინადრობის უფლება რამდენმა მიიღო არ ვიცი. ბინადრობის უფლების გარდა, მათ აძლევენ თანამემამულის სტატუსს, რაც მოქალაქეობას არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ამ სტატუსის მატარებლების წინაპრები ქართველები იყვნენ

მესამე არის მოქალაქეობის მიღება. ვიმეორებ, ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ირანელებთან დაკავშირებით ეს მონაცემები არ არის ძალიან დიდი ციფრები.

გაცილებით აქტიურად ჩამოდიან ირანიდან საქართველოში ტურისტები. საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლაა. იყო გარკვეული პრობლემები, შემდეგ ეს შეწყდა. შემდეგ იყო იმის პრობლემა, რომ ირანელებს საქართველოს საზღვარზე გაურკვეველი მიზეზების გამო უკან აბრუნებდნენ. ამის გამო ირანში იყო დიდი უკმაყოფილება.

დღეს აქტიური ტურიზმი არ არის, თუმცა, საქართველო ირანელებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ახალი წლის აღსანიშნავად მარტის თვეში საკმაოდ ბევრი ჩამოდიან თბილისსა და ბათუმში.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო