სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს ვიღაც კობახიძეები, ღარიბაშვილები, "ქართული ოცნების" წვრილფეხობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, რადგან მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისგან თანხმობა არ აქვს მიღებული.
"პრეზიდენტს არაერთხელ შეეძლო ამის გაკეთება, როგორც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი არაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. მან შეიძლება გააკრიტიკოს ვიღაცა კობახიძეები, ღარიბაშვილები, "ქართული ოცნების" წვრილფეხობა, მაგრამ მას არასდროს არც გაუკრიტიკებია არც ნაბიჯი არ გადაუდგამს პირადად ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ივანიშვილისგან მას არ აქვს თანხმობა მიღებული, შესაბამისად, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.