იენს სტოლტენბერგი - თუ რუსეთი შეძლებს უხეში ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევას, ეს კატასტროფა იქნება

იენს სტოლტენბერგი - თუ რუსეთი  შეძლებს უხეში ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევას, ეს კატასტროფა იქნება

თუ რუსეთი შეძლებს უხეში ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევას - ეს კატასტროფა იქნება. ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა

მდივანმა იენს სტოლტენბერგმა COP27 კლიმატური კონფერენციის მონაწილეებთან ვირტუალური მიმართვის დროს კითხვას, თუ რატომაა შეუძლებელი კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ დააძალო ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის პირობებზე მოლაპარაკებებისთვის უბიძგო.

“თუ უკრაინა მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს და დათანხმდება იმას, რომ რუსეთს შეუძლია წინსვლის გაგრძელება და მისი ტერიტორიების დაპყრობა, ეს მხოლოდ გაზრდის იმის რისკს, რომ რუსეთი კვლავ და კვლავ განახორციელებს თავდასხმებს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არა 2022, არამედ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და კონტროლი დაამყარა ტერიტორიაზე უკრაინის აღმოსავლეთში.

“თუ რუსეთი შეძლებს უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით სასურველის მიღწევას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კატასტროფა უკრაინისთვის, მაგრამ ეს ასევე შეიძლება სახიფათო იყოს ყველა ჩვენგანისთვის. ვინაიდან ეს იმას აღნიშნავს, რომ უხეში ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის მოპოვების გზას წარმოადგენს”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ომის დაწყებამდე რუსეთმა ამბიციები გააჟღერა არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ნატოსა და მოკავშირეების მიმართაც.

კერძოდ, კრემლი მოითხოვდა, რომ ალიანსს შეეწყვიტა გაფართოება და ახალი წევრების მიღება. ასევე, მოსკოვი მოითხოვდა, რომ ნატოს ძალები გაეყვანა მისი აღმოსავლეთი ნაწილიდან, რაც ორგანიზაციის წევრების “ხარისხის მიხედვით” დაყოფის ტოლფასი იქნებოდა. სტოლტენბერგის თქმით, ასეთი მოთხოვნები სრულიად მიუღებელი იყო.