ირაკლი ხმალაძე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიაზე - კარგად იცის „მამისონმა”, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ

სამწუხაროა, რომ კომპანია „მამისონი” მსგავს განცხადებებს აკეთებს. პირადად ვარ ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ, - ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კომპანია „მამისონის” განცხადებას, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის” სამუშაოები ბიუროკრატიული ბარიერების გამო გაჭიანურდა.

მისი თქმით, თუ „მამისონი” თბილისის მერიის მიერ დაწესებული ჯარიმების გამო სასამართლო დავას წამოიწყებს, არ ფიქრობს, რომ სასამართლო კომპანიის პრეტენზიებს გაითვალისწინებს.

„სამწუხაროა, რომ „მამისონი“ მსგავს განცხადებებს აკეთებს. პირადად ვარ ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ და მოშლილი მენეჯმენტის სისტემამ თვითონ კომპანიაში. კარგია თუ სასამართლოში შეიტანენ საქმეს. მე რა განცხადებებიც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს სასამართლო დაადგენს ჯარიმის ოდენობასაც. მაშინაც, როცა არაფერი სჭირდებათ ადმინისტრაციული სისტემებისგან, სამუშაოებს მაღალ ტემპში კომპანია მაინც ვერ ახორციელებს. მე არ მგონია, რომ სასამართლომ პრეტენზია გაითვალისწინოს და მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღოს. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის საპასუხოდაც და ყურადსაღებადაც მეორე და მესამე ხარისხოვანი საკითხია „მამისონთან“ დაკავშირებით საუბარი. ჩემთვის მტკივნეულია და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაგვიანდა მეტრო „გოცირიძის“ სამუშაოების შესრულება. ეს ვისი და რისი ბრალი იყო, მე პირადად კარგად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. ჩემთვის უხერხულიც და უსიამოვნოცაა, რომ მოქალაქეებს დავუგვიანეთ სადგურის ჩაბარება. „მამისონთან“ დაკავშირებით აქამდეც ვართ გარკვეულები და ყველამ კარგად ვიცით და თვითონაც კარგად იციან, რომ ყველაფერი მათი ბრალია. ამას სასამართლო იტყვის და არ მგონია, რომ საინტერესო საკითხი იყოს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: თუ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სამუშაოები კომპანიამ ვერ შეასრულა, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაზეც ისევ „მამისონთან“, ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ როცა „ვარკეთილის“ ტენდერი გამოცხადდა, „გოცირიძის“ სადგურის რეაბილიტაციის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია და მერიას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, რომ ამ მის წინადადებაზე უარი ეთქვა.

„ვარკეთილის“ შემთხვევაში ტენდერი წლის დასაწყისში გამოცხადდა, მაშინ, როდესაც ეს კომპანია იმყოფებოდა თეთრ სიაში. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მერიას, რომ უარი ეთქვა ამ კომპანიის წინადადებაზე, არ ჰქონდა და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა. გოცირიძის სამუშაოები ივლისში უნდა დასრულებულიყო და ივლისიდან დღემდე ვადაგადაცილება გვაქვს. შესაბამისად, მაშინ, როცა „ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა, „გოცირიძის“ მეტროსადგურის შეკეთების კუთხით დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდა. არანაირი ინფორმაციული ან სამართლებრივი საფუძველი, რომ უარი გვეთქვა, ნამდვილად არ გვქონდა.

ვერ ვიტყოდი, რომ „მამისონს“ გამოცდილება არ ჰქონდა. კომპანია დოკუმენტაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, მოხდა ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადება. გეტყვით, რომ სხვა პრეტენდენტი ტენდერში არ ყოფილა. „ვარკეთილთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და „მამისონთან“ ხელშეკრულება გაწყვეტილია“, - განაცხადა ხმალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ