შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება ოლივერ ვარჰეის ჰქონდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმზეა გადასული და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ მონაწილეობს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ჰქონდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმზეა არის გადასული და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ მონაწილეობს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება იმას, რას აკეთებს პარლამენტი რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება არსებობდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმში არის გადასული და არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც პარლამენტში 12 პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რაც შეეხება კომისრის ვიზიტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პარლამენტში გვექნება შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციასთან ერთად შევხვდები მას და გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს. ჩვენ გვაინტერესებს მისგან, როგორია მისი ხედვა იმ გრაფიკთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მოველით, რომ ევროკომისიამ შეაფასოს ჩვენი წინსვლა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით გადავწყვიტეთ მოქმედება იმისთვის, რომ საქმის ნაწილი შევასრულოთ და შემდეგ უკვე ევროკავშირს ვთხოვოთ, რომ შეაფასოს ჩვენი საქმიანობის შედეგები. წინასწარი შეფასებები, რომელიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის, რა ჩაითვლება და რა არ ჩაითვლება, ამაზე ლაპარაკი აბსურდია. არის რეკომენდაციები, რომელზეც ევროკომისიის მხრიდან გვითხრეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა იყოს. ქვეყანამ და პარლამენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უპასუხებს ამ პრიორიტეტებს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შეფასება, რამდენად პასუხობს სრულად, ნაწილობრივ თუ გადაჭარბებით ესა თუ ის გადაწყვეტა, რომელსაც პარლამენტი შეძლებს, რომ მოიფიქროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ეუთო/ოდირის დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს და ხვალ მათ ექნებათ შეხვედრები როგორც ოპოზიციასთან, ასევე უმრავლესობასთან.

„მეც მექნება შეხვედრები იმისთვის, რომ მოიძიონ განმარტებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. დეკემბრის შუა რიცხვებში გვექნება უკვე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა საარჩევნო რეფორმაზე. აქვე ვიტყვი, რომ გუშინ ბიუროზე დაინიცირდა და ბიურომაც იურიდიულ კომიტეტს განსახილველად გადასცა სასამართლო რეფორმის პაკეტი, რომელიც ახლა ითარგმნება და უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიას გაეგზავნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში ეუთოსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ისინი პარლამენტში ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებიან, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა