ჯო ბაიდენი ანჯეი დუდას აშშ-ის სრულ მხარდაჭერას და დახმარებას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს. ანჯეი დუდას ტელეფონით ესაუბრა და ღრმა მწუხარება გამოთქვა აღმოსავლეთ პოლონეთში დაღუპულთა გამო,- ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება ნატო-ს მიმართ და ანჯეი დუდას აშშ-ის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.
„პრეზიდენტმა დუდამ აღწერა პოლონეთის მიმდინარე შეფასება აფეთქების შესახებ, რომელიც მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან. პრეზიდენტმა ბაიდენმა შესთავაზა აშშ-ის სრული მხარდაჭერა და დახმარება პოლონეთის გამოძიებაში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება ნატო-ს მიმართ. ორმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი და მათი გუნდები უნდა იყვნენ მჭიდრო კავშირში, რათა დადგინდეს შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციისთვის.

























